რუსეთმა 2022 წელს ყირიმის ხიდის აფეთქების ბრალდებით საქართველოს მოქალაქეზე, ალექსანდრე ინასარიძესა და უკრაინის მოქალაქეზე, სერგეი ანდრეიჩენკოზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.
ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული მედია ТАСС მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს.
კრემლის მედიის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში წერია, რომ ინასარიძისა და ანდრეიჩენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რუსეთმა 2024 წლის 14 თებერვალს აღძრა.
საქმის მასალებში წერია, რომ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს "დაუდგენელი თანამზრახველები" ჰყავდათ. დოკუმენტის თანახმად, ინასარიძეს "ტერაქტის" მოწყობა, "პირების ჯგუფთან წინასწარი შეთანხმებით ასაფეთქებელი საშუალებების უკანონოდ შეძენა" და "ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად ასაფეთქებელი საშუალებების კონტრაბანდა" ედება ბრალად. რაც შეეხება სერგეი ანდრეიჩენკოს, რუსეთი მას ასევე "ტერაქტის" მოწყობაში ადანაშაულებს.
როგორც ТАСС წერს, ინასარიძეს პატიმრობა 2024 წლის მარტში სასამართლო საქმეზე დაუსწრებლად მიესაჯა.
ქერჩის ხიდის აფეთქება 2022 წლის 8 ოქტომბერს დილით მოხდა. რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, აფეთქდა სატვირთო, ცეცხლი კი შემდეგ მატარებელს გაუჩნდა, რომელსაც საწვავის ავზი გადაჰქონდა. პუტინმა მომხდარზე სამთავრობო კომისიის შექმნის ბრძანება გასცა. არსებული ინფორმაციით, აფეთქებას 3 ადამიანი ემსხვერპლა.
მოგვიანებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ყირიმის ხიდზე თავდასხმა "უკრაინის სპეცსამსახურების დაგეგმილ ტერორისტულ აქტად" მოიხსენია.
12 ოქტომბერს ФСБ ირწმუნებოდა, რომ მათ ყირიმის ხიდის აფეთქების ორგანიზატორების ვინაობა დაადგინეს. მათი მტკიცებით, აფეთქება უკრაინის სადაზვერვო სამსახურმა, ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვის მეთაურობით დაგეგმა. რუსული მხარე ასევე ირწმუნებოდა, რომ პროცესებში საქართველოს 2 მოქალაქე მონაწილეობდა.





