რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი ადასტურებს, რომ გადაცემული F-16-ები უკვე უკრაინაშია

უკრაინის საჰაერო ძალების F-16
AP Photo/Efrem Lukatsky

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა დაადასტურა, რომ უკრაინისთვის გადაცემულმა F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებმა დანიშნულების ადგილს უკვე მიაღწია.

აღნიშნული ინფორმაცია ბრეკელმანსმა X-ზე გაავრცელა, რაც ასევე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმაც დაადასტურა.

"პირველად, შემიძლია ოფიციალურად დავაანონსო, რომ პირველი ნიდერლანდური F-16-ები უკვე უკრაინაში ჩავიდა. ეს სასწრაფოდ საჭიროა. ხარკოვში მე დავინახე რუსული საჰაერო იერიშებიდან მიყენებული ზიანი და ხშირად მესმოდა საჰაერო განგაშის სირენები. დარჩენილი 24 ავიაგამანადგურებელი მომდევნო თვეებში ჩავა". - წერს ბრეკელმანსი X-ზე.

რუბენ ბრეკელმანსმა 6 ოქტომბერს კიევში ვიზიტისას ასევე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინასთან ერთად დრონების განვითარებისთვის $440 მილიონის ინვესტიციას გააკეთებს. მისი თქმით, დრონების განვითარების სამოქმედო გეგმა უკრაინის ინოვაციასა და ნიდერლანდების ცოდნას გააერთიანებს, რათა ბრძოლის ველზე გამოყენებული ტექნოლოგია გაუმჯობესდეს.

ბრეკელმანსის თქმით, ინვესტიციის დაახლოებით ნახევარი ნიდერლანდებში დაიხარჯება, დანარჩენი კი უკრაინასა და სხვა ქვეყნებზე გადანაწილდება. ხოლო თუკი პროექტი წარმატებული იქნება, წარმოების მასშტაბის გასაზრდელად დამატებითი ფინანსების გამოყოფაც იქნება შესაძლებელი, დაამატა მან. 

კომენტარები