ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ამერიკის საელჩოს მიერ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ილუსტრაციას ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა.
აქამდე, საქართველოში აშშ-ის საელჩომ Facebook-ზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ეწერა, რომ "ივანიშვილმა იცის, რომ კრედიტ სუისთან დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოს ხელშია და არა - ამერიკის".
ოცნების პრესსამსახურის ცნობით, ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, რომ "საელჩო ვერ დაასახელებს" პირადად მისი და ქართული ოცნების სხვა ლიდერების განცხადებას, სადაც პარტია ფინანსურ შანტაჟში აშშ-ს, ან ევროკავშირს ადანაშაულებს.
ივანიშვილის თქმით, "ფინანსურ შანტაჟზე და საბანაკო ანგარიშების ძარცვის უკან ის ძალები დგანან", რომლებსაც პარტია გლობალური ომის პარტიად მოიხსენიებს.
"პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ საელჩო ვერ დაასახელებს ვერც პირადად ჩემი და ვერც ქართული ოცნების რომელიმე სხვა ლიდერის განცხადებას, სადაც ჩვენ ფინანსურ შანტაჟში აშშ-ს ან ევროკავშირს ვადანაშაულებთ.
როდესაც საბანკო ანგარიშის ძარცვაზე და ფინანსურ შანტაჟზე ვსაუბრობდით, ყოველთვის ვაკონკრეტებდით, რომ ამ შანტაჟის უკან არა აშშ ან ევროკავშირი, არამედ ის ძალები დგანან, რომლებსაც გლობალურ ომის პარტიად მოვიხსენიებთ. ფინანსურ შანტაჟში აშშ ან ევროკავშირი ჩვენ მაშინაც კი არ დაგვიდანაშაულებია, როდესაც კრედიტ სუისმა თანხის არგადმორიცხვის მორიგ საბაბად ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია გამოიყენა.
მეტიც, არაერთგზის დავაზუსტეთ, რომ გლობალურ ომის პარტიაში არც აშშ-ს და არც ევროკავშირს არ ვგულისხმობდით, თუმცა, იქვე ვაკონკრეტებდით, რომ გლობალურ ომის პარტიას აქვს პრინციპული გავლენა პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე როგორც აშშ-ში, ისე ევროკავშირში.
სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ფინანსური შანტაჟის დასრულებამდე, უარს ვაცხადებ ამერიკელ პოლიტიკოსებთან და ბიუროკრატებთან შეხვედრებზე, რადგან გლობალური ომის პარტიის გავლენის ალბათობა თითოეულ მათგანთან მიმართებით ძალზე მაღალია". - თქვა ბიძინა ივანიშვილმა, ქართული ოცნების პრესსამსახურის ცნობით.
ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ფინანსური სანქციების საკითხზე, საჭიროების შემთხვევაში "მზად არის მის ადვოკატებს განახლებული ინფორმაცია გამოაქვეყნებინოს.
"ჩვენი პოზიციის მიზეზი ამერიკელ კოლეგებს წერილობითაც განვუმარტეთ და საელჩოს მოწოდების შემთხვევაში, მზად ვართ, ამ წერილის შინაარსზე საჯაროდაც ვისაუბროთ. გარდა ამისა, ჩემმა ადვოკატებმა საზოგადოებისთვის არაერთგზის გაასაჯაროეს დეტალური ინფორმაცია უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩემთვის დაწესებული ფინანსური შეზღუდვების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში, მზად ვარ, ამ ყველაფრის შესახებ ჩემს ადვოკატებს განახლებული ინფორმაციაც გამოვაქვეყნებინო". - თქვა ბიძინა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილი აშშ-ს სწერს, რომ ისინი დიდ რეპუტაციულ ზიანს მიიღებენ, თუ ქართველები დაიჯერებენ, რომ მათ ივანიშვილის შეცვლა სურთ.
"ამ ფონზე, სწორედ ქართული ოცნებაა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ ქართული საზოგადოების თვალში აშშ-ს და ევროკავშირს რეპუტაციული ზიანი თავიდან აარიდოს და მოვლენებს თავისი სახელი დაარქვას.
ქართულმა საზოგადოებამ თუ დაიჯერა, რომ საქართველოში ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლა და ძალაუფლების კოლექტიური ნაციონალური მოძრაობისთვის დაბრუნება არა გლობალურ ომის პარტიას, არამედ აშშ-ს და ევროკავშირს სურთ, ამით როგორც აშშ-ს, ისე ევროკავშირის იმიჯს გამოუსწორებელი ზიანი მიადგება.
ასეთ შემთხვევაში, საზოგადოება იმასაც იფიქრებს, რომ 2004-2012 წლებში სააკაშვილის რეჟიმს ავტორიტარიზმის დამყარებაზე, არჩევნების გაყალბებაზე, ადამიანების მკვლელობასა და წამებაზე, ბიზნესის ტერორზე, ტელევიზიების მითვისებაზე, ომზე და ტერიტორიების დაკარგვაზე მწვანე შუქს არა გლობალური ომის პარტია, არამედ აშშ და ევროკავშირი უნთებდნენ.
ასევე, ქართულმა საზოგადოებამ შეიძლება იფიქროს, რომ 2022 წელს მეორე ფრონტისკენ რადიკალური ოპოზიცია, ენჯეოები და უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები არა გლობალური ომის პარტიის, არამედ აშშ-ს და ევროკავშირის მითითებით მოგვიწოდებდნენ.
ანალოგიურად, ქართულმა საზოგადოებამ ისიც შეიძლება იფიქროს, რომ 2020-22 წლებში ქვეყნის არევა ორჯერ არა გლობალურმა ომის პარტიამ, არამედ აშშ-მ და ევროკავშირმა სცადეს". - თქვა ივანიშვილმა, ოცნების პრესსამსახურის ცნობით.





