ბუჩამდე იყო აფხაზეთი

ბუჩამდე იყო აფხაზეთი - საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში ფილმის ჩვენება და დისკუსია გაიმართა

ფილმის "დავიწყებული მსხვერპლი - ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში. 27 სექტემბერი, 2024 წელი

27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში დოკუმენტური ფილმის "დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება გაიმართა. 

ღონისძიება საფრანგეთის ევროპის მინისტრმა, ბენ ჰადადმა გახსნა. ფილმის ჩვენებას დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც ჩვენების დაწყებამდე მოწვეულ სტუმრებს, ჟურნალისტებს, საფრანგეთის პოლიტიკური საზოგადოების წევრებს, დიპლომატებსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს მიმართა.

"სიმბოლურია ის ფაქტი, რომ ევროპის დედაქალაქ პარიზში, ეროვნულ ასამბლეაში, შევიკრიბეთ ფილმის „დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთის” ჩვენებაზე სწორედ ამ დღეს, 27 სექტემბერს, რომელიც საქართველოსათვის ტრაგედიის დღეა, რადგან ამ დღეს დაეცა სოხუმი." - დაწერა სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილმა ღონისძიების დასრულების შემდეგ.

დოკუმენტური ფილმის ჩვენების შემდეგ, საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში რუსეთის მიერ ქართველთა მიმართ ჩადენილი გენოციდის შესახებ დისკუსია გაიმართა.

დოკუმენტური ფილმი "დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი" 1992-1993 წლებში აფხაზეთში რუსეთის მიერ ქართველების წინააღმდეგ ორგანიზებული გენოციდის მტკიცებულებებს და დევნილთა ისტორიებს შეეხება. 

საფრანგეთის პარლამენტში გამართული ღონისძიება ნაწილია კამპანიისა ბუჩამდე იყო აფხაზეთი, რომელიც თითქმის სამი წელია მიმდინარეობს აფხაზთა კრების, თავისუფლების ინსტიტუტის, ტაბულასა და პარტია ფედერალისტების ორგანიზებით. კამპანიის მიზანია, გაფართოვდეს საერთაშორისო და შიდა კონსენსუსი რუსეთის მიერ აფხაზეთში ჩადენილი დანაშაულების შესახებ, რომელთა ხასიათი და მასშტაბი გენოციდს უტოლდება.  

კომენტარები