საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, მიუხედავად იმისა, თუ რას გააკეთებს აშშ. ამის შესახებ ბორელმა ნიუ იორკში, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
ჟურნალისტის მიერ დონალდ ტრამპის აშშ-ს პრეზიდენტად შესაძლო არჩევისა და მის მიერ ომის დასრულების შესაძლებლობაზე კითხვისას, ბორელმა აღნიშნა, რომ ვიდრე უკრაინელები რუსეთის აგრესიას წინააღმდეგობას უწევენ, ევროკავშირი მათ მხარს დაუჭერს.
"ტრამპი ამ ჯერჯერობით მხოლოდ კანდიდატია. დაველოდები, ვიდრე კვლავ დაჯდება თეთრ სახლში, რათა განვიხილო მისი წინადადებები. თავიდან არავის ეგონა, რომ უკრაინა რუსეთს წინააღმდეგობას გაუწევდა და რა შევთავაზეთ უკრაინას თავდაპირველად? ჩვენ შევთავაზეთ ჩაფხუტები, ახლა კი F-16-ებს ვთავაზობთ. განსხვავება საგრძნობია, არა? ჩვენ უნდა გავაგრძელოთ. არ ვიცი, რას გააკეთებენ ან არ გააკეთებენ ამერიკელები, ახალი პრეზიდენტი, თუმცა, ამ დრომდე ევროკავშირის მხარდაჭერა იქნება ეს სამხედრო, სამოქალაქო, ეკონომიკური, ფინანსური თუ ჰუმანიტარული – უფრო დიდია, ვიდრე აშშ-სგან. 100 მილიარდ ევროზე მეტია ის თანხა, რომელიც ჩვენ გადავიხადეთ, საიდანაც 45 მილიარდი სამხედრო მხარდაჭერისთვისაა. რა თქმა უნდა, ეს ნაკლებია, ვიდრე აშშ-ს სამხედრო მხარდაჭერა, მაგრამ ესეც მნიშვნელოვანი ციფრია". - თქვა ბორელმა.
ამასთან, ბორელმა ხაზგასმით გაიმეორა, რომ უკრაინის კაპიტულაცია და მისი მეორე ბელარუსად გადაქცევა, არ არის ომის დასრულების ყველაზე სწრაფი გზა.





