რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა ხარკოვზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანა, დაიღუპა 3 ადამიანი, დაშავდა 34

Олег Синєгубов/Telegram

რუსეთმა 24 ოქტომბერს, შუადღის საათებში ხარკოვზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანა. ოკუპანტებმა საცხოვრებელი კორპუსი, ადგილობრივი საცხობი და სტადიონი დაბომბეს, რამაც 3 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 34 ადამიანი. ინფორმაციას Telegram-ზე ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს

ოკუპანტები უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქის 4 ყველაზე დასახლებულ უბანს მართვადი საჰაერო ბომბებით დაესხნენ თავს. დაღუპულებს შორის 17 წლის გოგო და 87 წლის ქალი არიან. დაშავებულთაგან 4-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 

ქალაქის მერის, იგორ ტერეხოვის თქმით, დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. 

მომხდარს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა

"მორიგი რუსული თავდასხმა ხარკოვზე.

რუსული ბომბების სამიზნე საცხოვრებელი კორპუსი, საცხობი და სპორტული სტადიონი გახდა. სხვა სიტყვებით, ჩვეულებრივი ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება.

რუსეთი ტერორისტია და ამას თავისი ქმედებებით, ომის გაგრძელებისა და მისი გაფართოების მცდელობებით ყოველდღე ამტკიცებს. 

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ახლა უსაფრთხო მომავლისთვის ერთობლივი ძალისხმევის საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს. თუმცა, ჩვენ უბრალოდ ამ ტერორის შეკავება გვჭირდება. იმისათვის, რომ გვქონდეს უსაფრთხოება და მომავალი. ჩვენ რუსეთი უნდა ვაიძულოთ, დაასრულოს ეს დანაშაულებრივი და არაპროვოცირებული აგრესია, რომელიც ყველა საერთაშორისო წესს არღვევს. 

მე მადლობას ვუხდი ყველა იმ ქვეყანასა და ლიდერს, რომელიც რუსული იერიშებისგან ჩვენი ხალხის დასაცავად გვეხმარება". - წერს ზელენსკი X-ზე. 

ხარკოვი, უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი, 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, უკვე 2 წელზე მეტია, რუსეთის ხშირი თავდასხმის სამიზნე ხდება. 

კომენტარები