ისრაელი-ჰეზბოლა

ბეირუთზე ისრაელის საჰაერო თავდასხმას ჰეზბოლას მეთაური ემსხვერპლა

Stringer/Anadolu via Getty Images
ისრაელის საჰაერო იერიში ტვიროსში, ლიბანში, 19 სექტემბერი, 2024

24 სექტემბერს ლიბანის დედაქალის სამხრეთით ისრაელის საჰაერო თავდასხმას ტერორისტული ორგანიზაციის, ჰეზბოლას მეთაური ემსხვერპლა.

Reuters-ის წყაროების თანახმად, მოკლული მეთაური იბრაჰიმ კუბაისია, რომელიც ჰეზბოლას სარაკეტო განყოფილებას განაგებდა. ამ თავდასხმის შედეგად კუბაისის გარდა კიდევ 6 ადამიანი დაიღუპა.

ისრაელმა ლიბანის დედაქალაქში ჰეზბოლას მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ზედიზედ მეორე იერიში მიიტანა. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმას 6 ადამიანი ემსხვერპლა, 15 კი დაშავდა.

19 სექტემბერს ისრაელის არმიამ სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის სამიზნეებზე იერიშების ახალი ტალღა დაიწყო. ისრაელელი მაღალჩინოსნების თქმით, იერიშები საარტილერიო და საჰაერო დარტყმებს მოიცავდა.

17-18 სექტემბერს ლიბანში მომხდარი აფეთქებების შემდეგ, რის ფარგლებშიც ჰეზბოლას წევრებს ჯერ პეიჯერები, მეორე დღეს კი პორტატიული რაციებიც აუფეთქდათ, ისრაელის პრემიერმინისტრმა, თავდაცვის მინისტრმა და IDF-ის მეთაურმა განცხადებები გაავრცელეს, რაც ჰეზბოლასთან მიმართებით ვითარების გამწვავებაზე მიანიშნებდა.

კომენტარები