ისრაელი-ჰეზბოლა

ნეთანიაჰუ: ლიბანში ბოფორის ციხესიმაგრის დაკავება დრამატული ცვლილებაა ჩვენს პოლიტიკაში

ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) მიერ ლიბანში მდებარე ისტორიული ბოფორის ციხესიმაგრისა და მის გარშემო არსებული სტრატეგიული ქედის დაკავებას ისრაელის პოლიტიკაში "დრამატულ ცვლილება" უწოდა, მაშინ როდესაც ისრაელის ჯარები სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას წინააღმდეგ გაფართოებული სახმელეთო ოპერაციის ფარგლებში უფრო ღრმად მიიწევენ.

"ბოფორის დაკავება არის დრამატული ეტაპი და დრამატული ცვლილება იმ პოლიტიკაში, რომელსაც ჩვენ ვატარებთ. ახლა ჩემი მითითებაა გავაღრმაოთ და გავაფართოოთ ჩვენი კონტროლი იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ადრე ჰეზბოლას კონტროლის ქვეშ იყო" - განაცხადა ნეთანიაჰუმ მისი ოფისის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში. მან დაამატა.

Times of Israel აღნიშნვას, რომ ნეთანიაჰუმ ეს განცხადება იმ ფონზე გააკეთა, როდესაც ჰეზბოლა ჩრდილოეთ ისრაელს ლიბანის ტერიტორიიდან რაკეტებითა და დრონებით განუწყვეტლივ ბომბავს.

ნეთანიაჰუმ გაიხსენა, რომ "ეს ისტორიული ადგილი ისრაელის საზოგადოებაში ღრმა განხეთქილების სიმბოლოდ იქცა" მას შემდეგ, რაც ქვეყნის ჯარებმა ციხესიმაგრე 1982 წელს პირველი ლიბანის ომის ერთ-ერთ პირველ ბრძოლაში დაიკავეს. ისრაელმა ეს პოზიცია სამხრეთ ლიბანის 18-წლიანი ოკუპაციის განმავლობაში შეინარჩუნა და მხოლოდ 2000 წელს დატოვა, მრავალწლიანი კონფლიქტის შემდეგ, რომელმაც ასობით ისრაელელის სიცოცხლე შეიწირა.

"დღეს ჩვენ ბოფორში სხვაგვარად დავბრუნდით. დავბრუნდით ერთიანები, მტკიცე და უფრო ძლიერები, ვიდრე ოდესმე. ჩვენ დავძლიეთ შიშის ბარიერი. ინიციატივა ჩვენს ხელშია. ვმოქმედებთ ყველა ფრონტზე - სირიაში, ღაზასა და ლიბანში. ჩვენი თემების დასაცავად საზღვრებს მიღმა უსაფრთხოების ზონები შევქმენით" - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელმა 2023 წლიდან ჰეზბოლას 8 000 მებრძოლი გაანადგურა. მისი განცხადებით, ამ მებრძოლებიდან 3 000 დაიღუპა მას შემდეგ, რაც გასული წლის ივნისში ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ომი დაიწყო, ხოლო 700 - მხოლოდ გასული თვიდან მოყოლებული.

"ამას დრო დასჭირდება, მაგრამ მისიას ბოლომდე შევასრულებთ" - თქვა მან.

კომენტარები