ლიბანურ ტერორისტულ ორგანიზაციას ჰეზბოლასთან ნოემბერში დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ ისრაელმა პირველად მიიტანა საჰაერო იერიში ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, იერიშის სამიზნე დედაქალაქის გარეუბანში არსებული ინფრასტრუქტურა იყო, რომელსაც ჰეზბოლა უპილოტო საფრენი აპარატების განთავსებისთვის იყენებდა.
იერიშამდე ისრაელის არმიამ ლიბანელი მოქალაქეები გააფრთხილა, ბეირუთის გარეუბნის ნაწილების ევაკუაცია მოეხდინა, ვინაიდან პირობა დადო, რომ უპასუხებდა ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით გაშვებულ იერიშებს.
ლიბანის მთავრობამ, Sky News-ის ცნობით, ბეირუთის სამხრეთ ნაწილში მდებარე გარეუბან ჰადატში არსებული ყოველი სკოლისა და უნივერსიტეტის დახურვის ბრძანება გასცა.
დედაქალაქის სამხრეთ ნაწილში ისმოდა სროლის ხმებიც, რომლებიც მოსახლეობას სახლების დატოვებისკენ აფრთხილებდა.
Associated Press-ის ცნობით, აფეთქების ხმა გაისმა და შესამჩნევი იყო კვამლი იმ ტერიტორიაზე, რომელზეც ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ იერიშს მიიტანდა.
მანამდე, რამდენიმე დღის წინ, ისრაელმა სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას ათეულობით სარაკეტო გამშვებ დანადგარსა და სარდლობის ცენტრზე იერიში მიიტანა, მას შემდეგ, რაც ისრაელის ტერიტორიაზე მინუმუმ 5 რაკეტა გაუშვეს - ეს პირველი შემთხვევა იყო ნოემბრის ზავის შემდეგ.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ მან ისრაელის თავდაცვის ძალებს (IDF) უბრძანა, "ათეულობით ტერორისტული სამიზნის წინააღმდეგ გადამწყვეტი მოქმედებები გაეტარებინათ".
ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის მტკიცებით, ნასროლ რაკეტასთან კავშირი არ ჰქონდათ. მათი თქმით, აღნიშნული ინციდენტებით ისრაელი ცდილობს ლიბანში სამხედრო მოქმედებები გაგრძელების საბაბი შექმნას.