სანქციები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ

აშშ-ში ახალი სანქციების შემცველ "ქართველი ხალხის აქტს" საბოლოო შესწორებისთვის განიხილავენ

კაპიტოლიუმის შენობა ვაშინგტონში
Getty Images

აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში "ქართველი ხალხის აქტს" საბოლოო შესწორებისთვის 25 სექტემბერს განიხილავენ, ხოლო ამ პროცესის შემდეგ კანონპროექტს კენჭს სენატში უყრიან.

2024 წლის მაისში სენატორებმა, ჯიმ რიშმა, ჯინ შაჰინმა, ბენ კარდინმა, პიტ რიკეტსმა, კრის ქუნსმა და ლინდსი გრემმა წარადგინეს ორპარტიული კანონპროექტი - ქართველი ხალხის აქტი - რომელიც ქართული ოცნების წარმომადგენლების, ასევე ადამიანის უფლებათა დარღვევაზე, კორუფციასა და უცხოელ აგენტთა კანონის დაწინაურებაზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს.

როგორც შაჰინისა და რიშის კანონპროექტშია ნათქვამი, მისი მიღების შემთხვევაში სანქციები დაუწესდებათ იმ პირებს, რომლებმაც საქართველოს ევროინტეგრაციის გზა დაბლოკეს. კანონპროექტი მოითხოვს, რომ სანქციები დაუწესდეს მათ, ვინც მხარს უჭერდა რუსული კანონის დაწინაურებასა და მის მიღებას, ასევე ამ ადამიანების ოჯახის წევრებს. ასევე, სანქციების სამიზნე გახდებიან პირები, რომლებმაც ძირი გამოუთხარეს ქვეყნის სუვერენიტეტს და დაარღვიეს ადამიანთა უფლებები.

30 მაისს აშშ-ს მთავრობამ საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობის სრული გადახედვა დაიწყო. ამის შემდეგ, 6 ივნისს ვაშინგტონმა მთავრობის რამდენიმე წარმომადგენელსა და ადამიანის უფლებათა დარღვევაში დამნაშავე პირებს სავიზო სანქციები დაუწესა. სანქცირებულ პირთა ვინაობა უცნობია. ამასთანავე, ივლისში ქართული ოცნების ცრუ ბრალდებების გამო, აშშ-მ გააუქმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები, რომლებიც საქართველოში უნდა ჩატარებულიყო.

ამას გარდა, 16 სექტემბერს აშშ-ს ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის დეპარტამენტმა (OFAC) სანქციები დაუწესა იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ან მონაწილეობდნენ საქართველოში დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის ძირის გამოთხრაში.

ხოლო 20 სექტემბერს ამერიკის ხმას აშშ-ს მთავრობის მაღალი თანამდებობის ორმა პირმა და ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა კიდევ ორმა წყარომ დაუდასტურა, რომ აშშ-ს სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგაც აქვს შემუშავებული და მის უახლოეს მომავალში დაწესებას განიხილავს.

კომენტარები