საქართველო-აშშ

ოცნების ცრუ ბრალდებების გამო აშშ-მ საქართველოში ჩასატარებელი წვრთნები გადადო

ქართველი სამხედრო ღირსეული პარტნიორი 2020-ის დასრულების ცერემონიაზე, თბილისის შემოგარენი, 2020 წლის 18 სექტემბერი
Vano Shlamov / AFP

აშშ-მ საქართველოსთან პარტნიორობის გადახედვისა და ქართული ოცნების ცრუ ბრალდებების გამო სამხედრო წვრთნები ღირსეული პარტნიორი გაურკვეველი ვადით გადადო.

"შეერთებულმა შტატებმა წამოიწყო აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის ძირეული გადახედვა. ამ გადახედვის ფარგლებში, შეერთებული შტატები საქართველოში განუსაზღვრელი ვადით გადადებს ღირსეული პარტნიორის წვრთნებს, რომელიც 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე უნდა ჩატარებულიყო.

30 მაისს აშშ-ს მთავრობამ საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობის სრული გადახედვა დაიწყო. ღირსეული პარტნიორის გადადების გადაწყვეტილება უკავშირდება საქართველოს მთავრობის ცრუ ბრალდებებს შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლელი სუბიექტების მიმართ, თითქოს საქართველოს აიძულებდნენ გაეხსნა მეორე ფრონტი რუსეთთან, რათა შემცირებულიყო ზეწოლა უკრაინის მიმართ და თითქოს, [რედ. დასავლეთი] მონაწილეობდა მმართველი პარტიის წინააღმდეგ გადატრიალების ორ მცდელობაში. შესაბამისად, შეერთებული შტატების მთავრობამ გადაწყვიტა, რომ შეუფერებელი დროა საქართველოში ფართომასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად.

შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს თავდაცვის ძალებთან პარტნიორობას, მაშინ, როცა ამავდროულად გვსურს გავაძლიეროთ საქართველოს შესაძლებლობა საკუთარი სუვერენიტეტის უზრუნველყოფასა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებაში.

ჩვენ ეს გადაწყვეტილება მარტივად არ მიგვიღია და დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმ დიდ ღირებულებას, რომელსაც ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები ღირსეული პარტნიორის მსგავს წვრთნებს ჰმატებენ. შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობის მომავალ შესაძლებლობებს, მათ შორის 2025 წელს AGILE SPIRIT-ში." – წერია პენტაგონის განცხადებაში.

კომენტარები