ვენესუელაში შობა მოახლოვდა (1-ელი ოქტომბერი) და დიქტატორმა ნიკოლას მადურომ მოსახლეობას მოუწოდა, არ მიიღონ ელექტრონული მოწყობილობები საჩუქრად. მან მიზეზად ლიბანში ჰეზბოლას წევრების პეიჯერებისა და სხვა მოწყობილობების აფეთქება დაასახელა.
"მე ჩვეულებრივ წიგნებს ვჩუქნი ხოლმე [საყვარელ ადამიანებს], ზოგს კი ხის ხელნაკეთ სკივრებს, რომელშიც ვენესუელურ ყავას, ტკბილეულსა და კოკუის (ვენესუელური ტრადიციული ალკოჰოლური სასმელი)... არ მიიღოთ საჩუქრად ელექტრონული მოწყობილობები! ფრთხილად იყავით თქვენს ტელეფონებთან! ხომ ხედავთ, რა მოხდა ლიბანში..." - მოუწოდა დიქტატორმა ვენესუელის მოსახლეობას ერთ-ერთ წინასაშობაო ღონისძიებაზე.
ცნობისთვის, ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ ქვეყანაში მის მიერ კიდევ ერთხელ გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნებისა და უკანონოდ გამარჯვების გამო შექმნილ დაძაბულობის ფონზე, შობა 1-ელ ოქტომბერს გადმოიტანა. ამის შესახებ დიქტატორმა ვენესუელელებს პირდაპირ ეთერში აუწყა და თქვა, რომ მიმდინარე წელს საშობაო ღონისძიებები დეკემბრის მაგივრად ოქტომბერში გაიმართება.
"სექტემბერია და ჰაერში შობა უკვე იგრძნობა. ამიტომ წელს - თქვენდამი პატივისცემისა და მადლიერების ნიშნად - შობას 1-ელ ოქტომბერს გადმოვიტან!" - პირდაპირ ეთერში მიმართა მოსახლეობას დიქტატორმა.
მადურო ვენესუელელებს "მშვიდობის, ბედნიერებისა და უსაფრთხოების" შობას დაჰპირდა.
რაც შეეხება ლიბანში მომხდარ აფეთქებებს, 17 სექტემბერს ლიბანში ერთდროულად ასობით პეიჯერი აფეთქდა, რომლებსაც ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის წევრები ატარებდნენ. თვითმხილველების თქმით, მათ შარვლების ჯიბეებიდან კვამლი დაინახეს, რასაც მალევე აფეთქება მოჰყვა. მეორე დღეს, 18 სექტემბერს ლიბანში ჰეზბოლას მიერ გამოყენებული პორტატიული რაციებიც აფეთქდა.
მაღალჩინოსნების ცნობით, აფეთქებები მაღაზიებში, სახლებსა და მანქანებში ერთდროულად მოხდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა, ხოლო არანაკლებ 2 700 დაიჭრა. ჰეზბოლამ ასევე განაცხადა, რომ ინციდენტის დროს მათი, სულ მცირე, რვა მებრძოლი დაიღუპა.