ნიუ-იორკში, მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში ნიკოლას მადუროსა და მისი მეუღლის სასამართლო სხდომა გაიმართა. სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
სხდომის გადაღება აკრძალული იყო და მას ამერიკული მედია ესწრებოდა.
მედიის ცნობით, მადურო სასამართლოს დარბაზში ფეხებზე ბორკილებით შეიყვანეს.
პროცედურის მიხედვით, მოსამართლე ალვინ ჰელერშტეინმა მადუროს საკუთარი იდენტობის დადასტურება მოსთხოვა რაზეც მადურომ განაცხადა, რომ ის "ვენესუელას პრეზიდენტი" ნიკოლას მადურო იყო.
მადურომ და მისმა მეუღლემ მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები უარყვეს. მათ ბრალი ნარკო-ტერორიზმში, აშშ-ში იარაღისა და ნარკოტიკების შეტანის შეთქმულებაში ედებათ.
"მე უდანაშაულო ვარ, მე არ ვარ დამნაშავე, მე პატიოსანი ადამიანი ვარ, მე კვლავ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი ვარ" - უთხრა მადურომ მოსამართლეს.
მედიის ინფორმაციით, მოსამართლემ შემდეგი სხდომა 17 მარტს ჩანიშნა.
შეგახსენებთ, რომ კარაკასზე მიტანილი საჰაერო იერიშის შემდეგ, აშშ-ის სამხედრო-სამართალდამცავმა ძალებმა ნიკოლას მადურო მის მეუღლესთან ერთად დააკავეს და ხომალდ USS Iwo Jima-ს მეშვეობით ნიუ-იორკში გადაიყვანეს.





