კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ის პუნქტები დაასახელა, რაზეც, მისი თქმით, პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას შეუთანხმდა.
"ჩვენ საკმაოდ საინტერესო პირისპირ შეხვედრა გვქონდა, აზრები გავცვალეთ და სამოქმედო გეგმა ჩამოვაყალიბეთ. პუნქტები, რაც ითვალისწინებდა თანამშრომლობას და იმ პრინციპებზე დაყრდნობილ ხელშეკრულებას, რომელიც ამ ქვეყანას ძალიან ძლიერ ალტერნატივას მოუტანდა და ქართულ ოცნებას ხელისუფლებიდან ჩამოაშორებდა. შესაბამისად, 9 პუნქტი ჩამოვაყალიბეთ და ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად, 18 სექტემბერს ჩვენ ამ პუნქტებზე შევთანხმდით [...]
ჩვენ დავეთანხმეთ, რომ ბაზად აგვეღო ნომერი - 9. შევთანხმდით, რომ პარიტეტული მმართველობა ყოფილიყო. ასევე, სიაში ყოფილიყო პარიტეტული, თანასწორუფლებიანი წარმომადგენლობა. პირველი ნომერი დაგვეთმო ცნობილი, არაპარტიული ადამიანისთვის, რამდენიმე სახელიც დასახელდა [...] ამ პუნქტებში აგრეთვე იყო 20 ივნისის, ანაკლიის პორტისა და წერილის საკითხები. ჩვენი ხელშეკრულება არ ნიშნავს, რომ ვინმეს ინდულგენციას აძლევს. ეს საჯარო საკითხებია, რომლებიც, იმ პუნქტშიც წერია, რომ დამოუკიდებელი პროკურატურისა და სასამართლოს პირობებში უნდა გამოიძიოს. პარტიების შეთანხმება არ ნიშნავს, რომ რაიმე საქმე, რომელიც საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს, უნდა გადაიფურცლოს. ეს იმ პუნქტებში იყო და ამას, თავიდან, გიორგი გახარია დაეთანხმა. ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი იყო, რომ ანაკლიის პორტი, დასავლური ინვესტიციით უნდა აშენდეს, როგორც ძირითადი ინვესტორი და არა ჩინური ინვესტიციით [...] ერთ-ერთი პირველი, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო, რომ ეს გაერთიანება ქართული ოცნებას მთავრობას არ შეუქმნიდა და არ შეუქმნის - და პირიქით, თვითონ შექმნის მთავრობას” - თქვა ხაზარაძემ.
დღეს, 20 სექტემბერს, პარტია საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ ძლიერ საქართველოსთან მოლაპარაკებასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ "მეორე მხარის სიხარბემ პროცესი საბოლოოდ შეიყვანა ჩიხში". გახარია ამბობს, რომ მან დათმო ნეიტრალური პლატფორმა, რამაც "სიხარბე წაახალისა". მისი თქმით, მამუკა ხაზარაძე ნეიტრალურ პლატფორმასთან ერთად, არ დათანხმდა გადაწყვეტილების მიღების პარიტეტულ პრინციპს და კოალიციის დაუშვებლობას როგორც ქართულ ოცნებასთან, ისე ნაციონალურ მოძრაობასთან.
"ამიტომ, ჩვენ ვუბრუნდებით თავდაპირველ მიზანს და ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელ პრინციპებს, საჯაროდ ვაცხადებთ ჩვენს მზაობას შემდეგი პრინციპებით:
1. ნეიტრალური პლატფორმა - ვთვლით, რომ ეს არის სამართლიანი და უსაფრთხო
2. გადაწყვეტილების მიღების სამართლიანი, პარიტეტული პრინციპი;
3. კოალიციის დაუშვებლობის პრინციპი როგორც ქართულ ოცნებასთან, ისე ნაციონალურ მოძრაობასთან
მე ეს მოლაპარაკებები უფრო ადრე უნდა დამესრულებინა, მაშინვე, როგორც კი ვერ მოხერხდა ნეიტრალურ პლატფორმაზე შეთანხმება. ჩემი მხრიდან ნეიტრალური პლატფორმის საკითხის დათმობამ მეორე მხარის სიხარბე წაახალისა, რამაც პროცესი საბოლოოდ შეიყვანა ჩიხში" - თქვა მან და აღნიშნავს, რომ ნეიტრალური პლატფორმა ნიშნავს სხვა ნეიტრალურ პარტიას, ორგანიზაციას, ნომერს, რომელიც არ არის არც 25, არც 9, არც ლელო და არც გახარია-საქართველოსთვის.
[...] თუ ლელო დღეს ამბობს, რომ ამ სამ პრინციპზე - ნეიტრალური პლატფორმა, პარიტეტული პრინციპი, და პრინციპი, რომ არ იქნება კოალიცია ამ არჩევნების შემდეგ ოცნებასთან და ნაციონალურ მოძრაობას, ჩვენ ნებისმიერ დოკუმენტზე მოვაწერთ ხელს ახლაც თუ გინდათ და ნებისმიერი ფორმის და ნებისმიერი სერიოზულობის თანამშრომლობისთვის ვართ მზად" - ამბობს გახარია.
მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას შორის საარჩევნო ერთობაზე მოლაპარაკებები სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მათ შორის, რამდენიმე შეხვედრა გაიმართა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სასახლეში.
პარტიამ გახარია-საქართველოსთვის 20 სექტემბერს გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც ლელოსთან შეთანხმების მიღწევა ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა, რადგან მეორე მხარემ "შიდა კონსენსუსს ვერ მიაღწია."
მალევე, ლელოს წევრებმა თქვეს, რომ ეს განცხადება მათთვის სიურპრიზი იყო და შეთანხმებაზე ხელმოსაწერად მზად იყვნენ.
გიორგი გახარიას გუნდის წევრმა ნათია მეზვრიშვილმა TV პირველის ეთერში აღნიშნა, რომ კოალიციის შიგნით კონსენსუსი ვერ შედგა და ამას ძლიერი საქართველოს წევრების - ლევან ცუცქირიძისა და ანა დოლიძის განცხადებები ადასტურებს.
"როგორ წარმოგიდგენიათ, ორ სერიოზულ პოლიტიკოსს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება, ეს ორი ადამიანი მოლაპარაკებას აწარმოებს და როგორ წარმოგიდგენიათ, ამ დროს გიორგი გახარია თანხმობას აცხადებს რაღაცაზე ხელმოწერაზე, იმ ერთობაზე, რომელსაც საზოგადოება ასე ელოდება და ამ დროს გამოდის ნათია მეზვრიშვილი და ამბობს, რომ წინააღმდეგია მამუკა ხაზარაძესთან და ლელოს გუნდთან რაიმე ტიპის გაერთიანების და ნათია მეზვრიშვილსაც უნდა, რომ იქ მივიდეს და მაგიდასთან დაჯდეს მოლაპარაკების...
ეს [ლევან ცუცქირიძე] არ იყო მარტო ერთი ლიდერი ამ კოალიციის, აქ იყვნენ კიდევ სხვა ლიდერები, თუ არ ვცდები, ქალბატონი დოლიძეც იყო, რომლებმაც ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარები გააკეთეს. რამდენად სერიოზულად წარმოგიდგენიათ, შემდგომ ბატონი გახარია გამოვიდეს და თქვას, რომ იცით რა, მე მაქვს კონსენსუსი" - თქვა მეზვრიშვილმა.
გიორგი გახარიას პარტიის განცხადებამდე, თავისუფლების მოედნის დამფუძნებელმა, ლევან ცუცქირიძემ ფორმულას ეთერში განაცხადა, რომ კოალიცია ოთხი წევრისგან შედგება და მხოლოდ გიორგი გახარიას გადასაწყვეტი არაა, "როდის რას დაესმება წერტილი". მისივე თქმით, "[გაერთიანებამ] თუ არ მოიტანა შედეგი, ამაზე პასუხისმგებლობას კომენტატორები არ აიღებენ, პასუხისმგებლობა დაგვეკისრება ჩვენ... ყველას დაავიწყდება, რომ წერდნენ: ეს უნდა გააკეთონ პოლიტიკოსებმა, ყველას დაავიწყდება ვინ რას გვირჩევდა, მაგრამ ყველას დაამახსოვრდება, რომ ჩვენი მიღებული გადაწყვეტილება იყო არასწორი". ამასთთან, ცუცქირიძემ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს "სადილისთვის, ორისთვის, სადაც იყო სამუშაო შეხვედრა, მაგრამ ალბათ, კარგი იქნება სადილი ყველასათვის, მოვიდნენ სხვა ადამიანებიც, მოვიდნენ სხვა ჯგუფებიც, დავილაპარაკოთ იმაზე, კიდევ მეტი რა შეიძლება, გაკეთდეს".





