ოკუპირებული ცხინვალის ყოფილმა მარიონეტმა პრეზიდენტმა, ედუარდ კოკოითიმ გორში ქართული. ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლის შესახებ კომენტარი თავის ტელეგრამ-არხზე დაწერა.
მარიონეტული რეჟიმის ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ ივანიშვილის განცხადება 2008 წლის ომის გამო ოსებისთვის "ბოდიშის მოხდის" საჭიროებაზე "გამბედავია", თუმცა მასში ახალს ვერაფერს ხედავს და მის გულწრფელობაში დარწმუნებული არ არის. მისი მტკიცებით, ომზე პასუხისმგებლობა არა სააკაშვილსა ანდა აშშ-ს, არამედ მთლიან საქართველოს ეკისრება.
კოკოითის წერს, რომ "საქართველომ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს, ხელი უნდა მოაწეროს ყველა აუცილებელ შეთანხმებას, რომელიც მშვიდობასა და საომარი ქმედებების გამოუცხადებლობას უზრუნველყოფს". მისივე თქმით, საქართველომ ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმს თრუსოს, გუდოსა და სხვა ხეობები უნდა "დაუბრუნოს".
"უშუალოდ ივანიშვილის განცხადების არსში არაფერი ახალი არ არის. 2008 წლიდან ვაცხადებ, რომ სააკაშვილი და მისი მიმდევრები საერთაშორისო დამნაშავეები არიან. აუცილებლად უნდა გასამართლდნენ და დაისაჯონ. ყველაფრის უტვინო სააკაშვილისთვისა და აშშ-სთვის დაბრალების მცდელობა ძალიან წარუმატებელი და წინდაუხედავია. პასუხისმგებლობა მთლიანად საქართველოს ეკისრება, რომელმაც თავისი დამოუკიდებლობა დათმო და აშშ-სა და კოლექტიური დასავლეთის მარიონეტი გახდა". - დაწერა კოკოითიმ.
კოკოითი ასევე ყოფილი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარსულში გაკეთებულ შეთავაზებას შეეხო, რომლის მიხედვითაც გაერთიანების შემთხვევაში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში 10 მილიარდ დოლარის ინვესტიციას ჩადებდნენ. ყოფილმა მარიონეტმა პრეზიდენტმა დაწერა, რომ ეს თანხა არასაკმარისია და დაამატა, რომ "10 000-ობით მოკლულ ძმასა და დას" საქართველოს არასდროს აპატიებენ.
"1920 წლიდან მოყოლებული სამხრეთ ოსეთისთვის მიყენებული ეკონომიკური ზიანის გათვალისწინებით, 10 მილიარდი დოლარი, რომელზეც აქამდე საქართველოს პრემიერები საუბრობდნენ, არასაკმარისია. თუმცა, საქმე ამაში სულაც არ მდგომარეობს. ვინ დაგვიბრუნებს 10 000-ობით მოკლულ ძმასა და დას? ვინ შეამსუბუქებს დანაკარგის ტკივილს ნათესავთა და ახლობელთა გულებში? ამას არასდროს დავივიწყებთ და არასდროს ვაპატიებთ". - წერს კოკოითი.
კოკოითი ამტკიცებს, რომ ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებები რუსული მხარის პირობებს უნდა დაეფუძნოს.
"ოსეთი და აფხაზეთი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის საკვანძო ავანპოსტებად და რუსეთისთვის სანდო საყრდენად უნდა იქცეს". - წერს კოკოითი.
14 სექტემბერს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, გორში სიტყვით გამოვიდა:
"დღეს ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხისსურვილი. ამიტომ, როდესაც ძმათა შორის სისხლიანი კონფლიქტის დამკვეთებს ვამხელთ, ხოლო შემსრულებლებს ამ უმძიმეს დანაშაულზე სამართლებრივად ვაგებინებთ პასუხს, აუცილებლად დადგება დღის წესრიგში ურთიერთობების აღდგენის საკითხი. პირობას გაძლევთ, რომ ქართული ნიუნბერგის პროცესი ძალიან მალე ჩატარდება, რაც აუცილებლად გახდება ჩვენი შერიგების წინაპირობა. ქართველების ერთ-ერთი ღირსება ყოველთვის იყო რეალობისთვის თვალის გასწორების უნარი, როგორი მწარეც არ უნდა ყოფილიყო ის. საქართველოში 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობის ფონზე, კიდევ უფრო ღრმად მწამს, რომ სწორედ საკუთარი შეცდომების აღიარება, ქართველებსა და ოსებს შორის საუკუნოვანი ძმობისა და მეგობრობის გახსენება იქნება იმ გზის დასაწყისი, რომელიც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს ნდობის აღდგენის სურვილს გაუჩენს.
26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები. და რადგან ჩვენი, ქართველებისა და ოსების ქრისტიანული რწმენის ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედი სწორედ შენდობაა, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მტრების მიერ ჩვენი ხალხებისათვის თავსმოხვეული ძმათამკვლელი დაპირისპირება სწორედ რომ ისტორიული ურთიერთპატიებით და გულწრფელი შერიგებით დასრულდება".