2 სექტემბრის საღამოს რუსეთმა უკრაინაზე რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.
დნეპრში რაკეტა საცხოვრებელ სახლს მოხვდა. დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციის უფროსის, სერგეი ლისაკის თქმით, დაბომბვის შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი.
"სამწუხაროთ მივიღეთ ინფორმაცია ერთი დაღუპულისა და 3 დაჭრილის შესახებ დნეპრში. ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს". – თქვა ლისაკმა.
ოკუპანტებმა ასევე იერიში მიიტანეს ზაპოროჟიეზე. შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი, მათ შორის 8 წლის ბავშვი, ასევე დაშავებულია 2 მოქალაქე.
"დაახლოებით 23:00 საათზე, რუსეთმა ქალაქი დაბომბა. სამწუხაროდ 2 ადამიანი, დაიღუპა, მათ შორის 8 წლის ბავშვი. ასევე დაჭრილია 12 წლის გოგონა, რომელიც ამ წუთებში რეანიმაციაში იმყოფება". – თქვა ზაპოროჟიეს ადმინისტრაციის უფროსმა ივან ფედოროვმა.
გარდა ამისა, 3 სექტემბრის ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 35-დან 27 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა.
"ჰაერსაწინააღმდეგო ბრძოლის შედეგად განადგურებულია 27 შაჰედის ტიპის დრონი. გარდა ამისა, 6 უპილოტო საფრენი აპარატის კვალი დაიკარგა, 2 დრონი კი რუსეთის ტერიტორიაზე დაბრუნდა. ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს, არავინ დაშავებულა". – წერს უკრაინის საჰაერო ძალები.
დრონები უკრაინის მიმართულებით ოკუპირებული ყირიმისა და კურსკის ოლქიდან ააფრინეს.
საჰაერო თავდაცვის სისტემები მუშაობდა კიევის, ოდესის, ხარკოვის, მიკოლაევის, ხერსონის, პოლტავის, ჩერნიჰოვისა და სუმის ოლქებში.
რუსეთი უკრაინას ყოველდღიურად ავიაციითა და არტილერიით ბომბავს.





