დიდი ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთი სექტემბერში ერთ დღეში 2 000 პატიმრის გათავისუფლებას აპირებს

Andrew Aitchison/Corbis Historical via Telegraph

ანტისაიმიგრაციო პროტესტების მონაწილეების მასობრივი დაკავებებისა და ციხეებში არასაკმარისი ადგილების ფონზე, ბრიტანეთის მთავრობა 10 სექტემბერს ერთ დღეში დაახლოებით 2 000 პატიმრის ნაადრევად გათავისუფლებას აპირებს, რათა ციხეების გადატვირთვის კრიზისს გაუმკლავდეს.

ქვეყანაში ასევე ახალი კანონის მიღებას აპირებენ, რომლითაც პატიმრების გასათავისუფლებლად საკმარისი იქნება, რომ მათ არა პატიმრობის ვადის ნახევარი, არამედ 40% მოიხადონ. ამის შემდეგ, 22 ოქტომბერს, 1 7000-მდე პატიმრის გათავისუფლება იგეგმება, რომლებიც ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებენ.

იუსტიციის სამინისტროს თქმით, ყველა გამოშვებული პირი ლიცენზიის პირობებით გათავისუფლდება და მონიტორინგის ქვეშ იქნება, მათ შორის, ელექტრონული სამაჯურის გზით და კომენდანტის საათი დაუწესდება. თუ ისინი ამ პირობებს დაარღვევენ, ციხეში დაბრუნება ემუქრებათ.

გეგმის მიხედვით, არცერთი ცალკეული ციხე 100-ზე მეტ პატიმარს არ გამოუშვებს. მსჯავრდადებულებს, რომლებსაც გაათავისუფლებენ, ძალადობისთვის 5 წელზე ნაკლები პატიმრობის ვადა აქვთ მისჯილი. ეს სია არ მოიცავს ძალადობისთვის დაკავებულ დამნაშავეებს, რომლებსაც 4 წელზე უფრო ხანგრძლივი ვადას იხდიან და ასევე  ტერორისტებსა და სექსუალურ მოძალადეებს.  

ასევე ამოქმედებულია ოპერაცია Early Dawn-ი (ქართულად - ნაადრევი განთიადი), რომლის ფარგლებშიც პოლიციელები ბრალდებულებს დროებით იზოლატორებში მეტი ხნით აკავებენ ან თავდებით უშვებენ, სანამ ციხეში ადგილი გამოთავისუფლდება.

ნავარაუდებია, რომ ამ სქემის ფარგლებში 18 თვის განმავლობაში ჯამში 5 500 პატიმარი გათავისუფლდება.

ბრიტანეთის პრემიერმა, კირ სტარმერმა თქვა, რომ ციხეებში კრიზისის მიუხედავად, პროტესტის მონაწილეების წინააღმედგ მკაცრ ზომებს კვლავ გამოიყენებენ.

„ჩვენ რთული გადაწყვეტილებები მივიღეთ, შევძელით, დაგვემტკიცებინა, რომ თუ დანაშაულს ჩაიდენ, უნდა მოელოდე, რომ სისხლის სამართლის სისტემას სწრაფად გაივლი და ასე გაგრძელებას ვაპირებთ“. - თქვა სტარმერმა.

სტარმერის თქმით, ციხეებში არასაკმარისი სივრცის პრობლემის წარმოქმნაში ბრალი წინა მთავრობას მიუძღვის.

აქამდე არეულობასთან დაკავშირებით 1 000-მდე ადამიანი დააკავეს, 470-ს კი ბრალდებები წარუდგინეს.

იუსტიციის სამინისტრომ ჩრდილოეთ ინგლისში საგანგებო ზომები გამოაცხადა, რადგან ამ ტერიტორიაზე ციხეები პატიმრებით იტვირთებოდა. ანტისაიმიგრაციო პროტესტებზე დაკავებულთა რაოდენობამ ციხეებზე წნეხი გაზარდა.

2024 წლის აგვისტოს დასაწყისში დიდი ბრიტანეთის ქალაქები არეულობამ მოიცვა. 30 ივლისს საუთპორტში თავდამსხმელი საცეკვაო სკოლაში ტეილორ სვიფტისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეიჭრა და დანით 11 ბავშვი დაჭრა, აქედან სამი გარდაიცვალა. ამ მოულოდნელმა და შემაშფოთებელმა შემთხვევამ ბიძგი მისცა ბრიტანეთის ქალაქებში ანტისაიმიგრაციო, რასისტულ და ძალადობრივ დემონსტრაციებს, რომლის მართვაც დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ვერ შეძლო. დაპირისპირების ამ დღეებში ქუჩები აშკარად ეთნოსთაშორისი დაძაბულობით იყო სავსე, თუმცა ბრიტანეთის პოლიტიკა წლების მანძილზე ამ ეთნიკური და მრავალშრიანი კონტექსტის იგნორირება და სიტუაციის ევფემიზმებით შეფასება იყო. 

კომენტარები