რუსეთი

რუსეთმა ჯორჯ კლუნის ფონდი "არასასურველ ორგანიზაციად" გამოაცხადა

ამერიკელი მსახიობი, ჯორჯ კლუნი და მისი მეუღლე, ამალ კლუნი

რუსეთის პროკურატურამ 19 აგვისტოს განაცხადა, რომ ამერიკელი მსახიობის, ჯორჯ კლუნის არაკომერციული ორგანიზაცია "კლუნის ფონდი სამართლიანობისთვის" არასასურველ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანეს, რადგან მათი მტკიცებით, ფონდი მოსკოვის დისკრედიტაციის მიზნით "ჰოლივუდური მასშტაბის" სამუშაოს ასრულებს.

აღნიშნული ფონდი ჯორჯ კლუნიმ და მისმა მეუღლემ, ამალ კლუნიმ ერთად დააარსეს. ორგანიზაციის მიზანი სამართლიანობისთვის ბრძოლა და ადამიანის უფლებათა დარღვევების შემთხვევებზე ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფაა. კლუნის ფონდი მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედებს და, ამასთანავე, უკრაინაში ომის დანაშაულებს იძიებს.

რუსეთის მთავარი პროკურორის უწყებამ ტელეგრამზე განაცხადა, რომ "ფონდი ჰოლივუდური მასშტაბის სამუშაოს ასრულებს, რომლის მიზანიც რუსეთის დისკრედიტაციაა".

"იგი აქტიურად უჭერს მხარს ცრუ პატრიოტებს, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს". - წერია განცხადებაში.

არაკომერციული ორგანიზაციების გარდა რუსეთის "არასასურველთა" სიაში მედიები, ასევე პოლიტიკური, კულტურული და რელიგიური ჯგუფები შედის, რომლებიც, რუსეთის მტკიცებით, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ.

კომენტარები