ვაგნერის ჯგუფი

უკრაინის მიერ ტუარეგთა დახმარების ცნობის გამო მალიმ კიევთან დიპლომატიური კავშირი გაწყვიტა

აჯანყებული ტუარეგები აზავადის მოძრაობისა და უკრაინის დროშებით
Kyiv Post

მალიმ უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. მიზეზი გასულ კვირებში გავრცელებული ცნობაა, რომლის მიხედვითაც უკრაინის სამხედრო დაზვერვა აჯანყებულ ტუარეგებს ინფორმაციით დაეხმარა, რასაც ვაგნერელებისა და მალის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების სიცოცხლე ემსხვერპლა. 

ივლისის ბოლოს გავრცელდა ვიდეოჩანაწერები, რომლებშიც მალიში დახოცილი ვაგნერელები ჩანდნენ. კადრებში ჩანდა მათი განადგურებული საბრძოლო ტექნიკა, ფიგურირებდა ისლამისტი ჯიჰადისტებისა და აზავადის მოძრაობის დროშები. შეიარაღებული ტუარეგები და არაბები დახოცილ რუს დაქირავებულ სამხედროებს ძარცვავდნენ და მათ ფონზე პოზირებდნენ.

ვაგნერელებს თავს დაესხნენ აზავადის მოძრაობის კოორდინაციისა (CMA) და ალ-კაიდის საჰელის განშტოების ალიანსის წევრები. კსკ-ში აღიარეს, რომ მათი ერთ-ერთი სამხედრო მეთაური, ანტონ ელიზაროვი ბრძოლის დროს მოკვდა. გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აჯანყებულებმა მათი ვერტმფრენის ჩამოგდებაც შეძლეს. მოკლულთა შორის იყო ვაგნერთან დაკავშირებული ტელეგრამ-არხი GREY ZONE-ის ადმინისტრატორი, ნიკიტა ფედიანინიც, ზედმეტსახელად "თეთრი".

29 ივლის უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) სპიკერმა, ანდრიი იუსოვმა თქვა, რომ ტუარეგ აჯანყებულებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომელიც "რუსი ომის დამნაშავეების" წინააღმდეგ წარმატებული ოპერაციის საწინდარი გახდა.

უკრაინულმა ინგლისურენოვანმა მედია Kyiv Post-მა გასულ კვირებში გაავრცელა ფოტო, რომელშიც აჯანყებული ტუარეგები უკრაინის დროშით პოზირებენ.

რამდენიმე წლის წინ ტუარეგთა ტომის აჯანყების შემდეგ მალის ხელისუფლებამ ქვეყნის ჩრდილოეთზე კონტროლი დაკარგა. კონფლიქტი კიდევ უფრო გაართულა ისლამისტების ჩართულობამ. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში სამხედრო გადატრიალება მოხდა, ხუნტამ რუსულ კსკ ვაგნერთან ახლო ურთიერთობა დაამყარა.

გასულ თვეებში უკრაინელი სამხედროების აფრიკის კონტინეტზე ვაგნერის ჯგუფის წინააღმდეგ მოქმედებების შესახებ რამდენიმე ცნობა გავრცელდა. თუმცა მაშინ საუბარი იყო უკრაინელი სპეცრაზმელების სუდანის სამოქალაქო ომში მონაწილეობაზე.

 

კომენტარები