რუსეთში სახელმწიფო დუმას ყოფილ დეპუტატს, მაგომედ გაჯიევს ე.წ. უცხოელი აგენტების კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ. საქმის განხილვა დაღესტნის ოლქის სასამართლოში მიმდინარეობს. ინფორმაციას გამოცემა Кавказский Узел ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ გაჯიევი, პარტია გაერთიანებული რუსეთის ყოფილი წევრი და "აგენტების კანონის" თანაავტორია.
გამოცემის ცნობით, 2023 წლის 26 მაისს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ გაჯიევი სპეციალურ რეესტრში უცხოელ აგენტად დაარეგისტრირა. მიზეზად სამინისტრომ გაჯიევის მიერ უკრაინის ხელისუფლების მხარდაჭერა და მოქალაქეობის მოსაპოვებლად უცხოელ წყაროებთან თანამშრომლობისთვის მისი მზადყოფნა დაასახელა. დარეგისტრირებიდან ერთი დღის შემდეგ, გაჯიევი პარტია გაერთიანებული რუსეთიდან გააგდეს.
გაჯიევი რუსეთის სახელმწიფო დუმას დეპუტატის პოსტს 2003 წლიდან 2021 წლამდე იკავებდა. იგი ამ წლებში 300-ზე მეტი ინიციატივისა და ფედერალურ კანონპროექტებში შეტანილი შესწორებების თანაავტორი იყო, მათ შორის, ყირიმთან დაკავშირებული კანონების; "იაროვაიას პაკეტის"; კანონის, რომელიც აშშ-ს მოქალაქეების მიერ რუსეთთან ბავშვების შვილად აყვანას კრძალავს; კანონის, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივობას ზღუდავს და ე.წ. უცხოელი აგენტების კანონის.
რუსული დამოუკიდებელი გამოცემა ОВД-Инфо-ს ინფორმაციით, გუნიბსკის ოლქის სასამართლოში გაჯიევის წინააღმდეგ ოქმი შეადგინეს, რომლის მიხედვითაც მას უცხოელი აგენტის მარკირება არ ჰქონდა.
გაჯიევის სასამართლო მოსმენა დაღესტანში, გუნიბსკის ოლქის სასამართლოში 16 აგვისტოსაა ჩანიშნული.





