ვენესუელას დიქტატორის, ნიკოლას მადუროს თქმით, იგი დემოკრატიისა და მშვიდობისთვის იბრძვის.
"ჩვენ ამ დროში ვიბრძვით მშვიდობისთვის, დემოკრატიისთვის, სტაბილურობისთვის ქვეყნის შიგნით. მშვიდობა, ეს მომავალია; მომავალი, ეს უფლებაა, იყო დამოუკიდებელი და შენით განსაზღვრო შენი ბედი" - თქვა მადურომ ვენესუელას ეროვნული ბოლივარიული გვარდიის 87-ე წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე.
მადუროს თქმით, ვენესუელას წინააღმდეგ "სახელმწიფოს ფაშისტური სტილის კიბერ-გადატრიალების კრიმინალური მცდელობა" სოციალური ქსელების საშუალებით იგეგმებოდა, რის წინააღმდეგ ბრძოლისთვისაც იგი ძალისხმევას არ იშურებს.
"Whatsapp-ზე კიბერბულინგის კამპანია მიმდინარეობს, მაგრამ ეს არ არის ისეთი რამ, რაც არ გვინახავს. გუაიდო, ის ბინძური ვირთხა ამას აკეთებდა, როდესაც კოლომბიიდან ცდილობდა ქვეყნის დაპყრობას" - თქვა მადურომ.
მადურომ აშშ TikTok-ისა და Instagram-ის გამოყენებით ზიზღისა და ძალადობისკენ მოწოდებების გავრცელებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, სახელმწიფო გადატრიალება თავიდან "სამხედრო-სამოქალაქო და პოლიციის კავშირის მიერ გაწეული უზადო შრომის" წყალობით აიცილა.
29 ივლისს გამოცხადებული შედეგებით, ნიკოლას მადურომ ვენესუელას საპრეზიდენტო არჩევნები ისევ მოიგო. არც ვენესუელას ოპოზიცია და არც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირის წევრი ქვეყნები, შედეგებს არ ცნობენ და ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბებულია.
- ვენესუელას საპრეზიდენტო არჩევნებში ისევ ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა
-
აშშ-მ ვენესუელას არჩევნებში გამარჯვებულად ედმუნდო გონსალესი აღიარა
-
ევროკავშირი ნიკოლას მადუროს ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად არ აღიარებს
მადუროს 51%-იანი გამარჯვების გამოცხადების შემდეგ უკვე რამდენიმე დღეა, ვენესუელაში მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. შეტაკებების დროს პოლიცია ცრემლსადენი გაზსა და რეზინის ტყვიებს იყენებს. ვენესუელას ხელისუფლების თქმით, უკვე 2000-მდე დემონსტრანტი დააკავეს.
მადურო ვენესუელას პრეზიდენტის პოსტს 2013 წლიდან იკავებს. მისი პარტია, ვენესუელას ერთიანი სოციალისტური პარტია (PSUV) უკვე 25 წელია, ქვეყნის მმართველი პარტიაა. 1998 წლიდან 2013 წლამდე პარტიის ლიდერი და ქვეყნის პრეზიდენტი უგო ჩავესი იყო.
2018 წლის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც მადურომ მოიგო და ვენესუელას პრეზიდენტი მეორე ვადით გახდა, მსოფლიო ქვეყნების აბსოლუტურმა უმრავლესობამ არ აღიარა.





