The New York Times-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანში ჰამასის ლიდერის, ისმაილ ჰანიას მკვლელობასთან დაკავშირებით ათობით პირი, მათ შორის, სამხედრო ოფიციალური პირები დააკავეს.
გამოცემის ცნობით, დაკავებების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ისლამური რევოლუციის გუშაგთა გვარდიამ განაცხადა, რომ "ამ ინციდენტის მასშტაბები და დეტალები გამოძიების პროცესშია და თავის დროზე გამოცხადდება".
როგორც The New York Times-ი წერს, აფეთქების შემდეგ ირანის უშიშროების აგენტებმა იმ რეზიდენციის ყველა თანამშრომელი, სადაც ჰანია მოკლეს, კარანტინში მოათავსეს, ზოგი კი დააკავეს. მათივე ცნობით, აგენტების ცალკეულმა ჯგუფმა დაკითხა სამხედრო და დაზვერვის მაღალჩინოსნები, რომლებიც დედაქალაქის უსაფრთხოებაზე იყვნენ პასუხისმგებლები, გამოძიების დასრულებამდე კი რამდენიმე მათგანი დააკავა.
გამოცემის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში შემოწმდა აეროპორტების სამეთვალყურეო კამერების თვეების განმავლობაში დაგროვებული ჩანაწერები. როგორც NYT-ს წყაროები ამბობენ, ირანი მიიჩნევს, რომ მოსადის მკვლელთა გუნდის წევრები ჯერ ისევ ქვეყანაში იმყოფებიან.
როგორც Telegraph-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, ისრაელის დაზვერვის სააგენტომ, მოსადმა თეირანში, ჰამასის ლიდერის, ისმაილ ჰანიას რეზიდენციაში, სამ სხვადასხვა ოთახში ბომბების დასამონტაჟებლად ირანელი აგენტები დაიქირავა.
აქამდე The New York Times-მა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, ბომბი, რომლითაც ჰამასის პოლიტიკური ლიდერი, ისმაილ ჰანია მოკლეს, თეირანში, მისთვის განკუთვნილ სახლში დაახლოებით ორი თვის წინ დაამონტაჟეს.
NYT-ის მიხედვითაც, ბომბი თავდამსხმელებმა დისტანციურად აამოქმედეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ ჰანია იქ იმყოფებოდა.
ირანულ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემამ ასევე დაწერა, რომ აფეთქებამ შენობა შეარყია, რამდენიმე ფანჯარა ჩაამსხვრია და გარე კედლის ნაწილობრივი ჩამონგრევა გამოიწვია. თავდასხმას დაცვის ერთი წევრიც ემსხვერპლა.
31 ივლისის გამთენიისას ჰამასის პოლიტიკური ლიდერი, ისმაილ ჰანია თეირანში მოკლეს. ერთი დღით ადრე ჰანია, რომელიც წლების განმავლობაში კატარში ცხოვრობდა, ირანში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე ჩავიდა. იერიში ჰამასმა და ირანმა ისრაელს დააბრალა. იერუსალიმი ბრალდებას არც ადასტურებს და არც უარყოფს.
The New York Times-მა 31 ივლისს წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ჰამასის ლიდერის, ისმაილ ჰანიას თეირანში მკვლელობის პასუხად ისრაელზე პირდაპირი დარტყმის ბრძანება გასცა.მედიის ცნობით, ხამენეიმ ეს ბრძანება ირანის უზენაესი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომაზე გასცა.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენად მასშტაბური იქნება ირანის პასუხი.
2024 წლის აპრილში ირანმა ისრაელზე მასშტაბური იერიში მიიტანა ასობით რაკეტისა და დრონის გამოყენებით. ეს იყო პასუხი ისრაელის მიერ სირიაში, დამასკოში ირანის საელჩოზე მიტანილ იერიშზე. მაშინ ისრაელმა თითქმის ყველა შემომავალი ობიექტი მოიგერია და ფაქტობრივად არ დაზიანებულან.