ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

თეირანში ჰამასის ლიდერი, ისმაილ ჰანია მოკლეს

ჰამასის პოლიტიკური ლიდერი, ისმაილ ჰანია
File: Reuters

ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასისა და ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, 31 ივლისის დილას ჰამასის ლიდერი, ისმაილ ჰანია თეირანში მოკლეს.

ჰანიაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

ჰამასი თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებს, რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ამბობს, რომ მკვლელობას იძიებს, ისრაელი მომხდარს ამ დრომდე არ გამოხმაურებია.

"ისრაელის მიერ ჰანიას მკვლელობა არის მძიმე ესკალაცია, რომელიც მიზნად ისახავს ჰამასის ნების გატეხას". - უთხრა Reuters-ს ჰამასის წარმომადგენელმა, სამი აბუ ზუჰრიმ და დასძინა, რომ ჰამასი იმ გზაზე სიარულს გააგრძელებს, რომელსაც მიჰყვებოდა - "გამარჯვებაში დარწმუნებულები ვართ".

ჰანია, რომელიც ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის პოლიტიკურ ლიდერად იყო მიჩნეული, კატარში ცხოვრობდა. 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, ის, ჰამასის სხვა ლიდერებთან ერთად, ისრაელის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ იქცა. ღაზის სექტორში იერიშების შედეგად უკვე დაიღუპნენ ჰანიას 3 ვაჟი და და.

ჰანია ჰამასის პოლიტიკური ლიდერი და მთავარი დიპლომატი 2017 წელს გახდა. იმის გამო, რომ ის ღაზაში არ ცხოვრობდა, შესაძლებლობა ჰქონდა, საერთაშორისო არენაზე მოლაპარაკებების დროს ტერორისტული ორგანიზაციის წარმომადგენლად მიეღო მონაწილეობა და პარალელურად, მოლაპარაკებები ეწარმოებინა ირანთან.

ჰანია ირანის დედაქალაქში ირანის ახალი პრეზიდენტის, მასუდ პეზეშქიანის ინაუგურაციაზე დასასწრებად იყო ჩასული. ცერემონიას ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერთან ერთად, საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძეც ესწრებოდა.

კომენტარები