დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

NYT: ბომბი, რომელმაც ჰამასის ლიდერი მოკლა, თეირანში მის საცხოვრებელში თვეებით ადრე დამალეს

The New York Times-ი შვიდ ანონიმურ ოფიციალურ პირზე, მათ შორის, ორ ირანელ და ერთ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ ბომბი, რომლითაც ჰამასის პოლიტიკური ლიდერი, ისმაილ ჰანია მოკლეს, თეირანში, მისთვის განკუთვნილ სახლში მალულად დაამონტაჟეს.

სასტუმროს ტიპის სახლს, რომელშიც აფეთქება მოხდა, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი მართავს და იცავს. ის ჩრდილოეთ თეირანის ძვირადღირებულ უბანში, ნეშატში მდებარეობს. როგორც გამოცემა წერს, ბომბი დაახლოებით ორი თვის წინ დამალეს.

NYT-ის მიხედვით, ბომბი თავდამსხმელებმა დისტანციურად აამოქმედეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ ჰანია იქ იმყოფებოდა.

ირანულ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ აფეთქებამ შენობა შეარყია, რამდენიმე ფანჯარა ჩაამსხვრია და გარე კედლის ნაწილობრივი ჩამონგრევა გამოიწვია. თავდასხმას დაცვის ერთი წევრიც ემსხვერპლა.

The New York Times-ის ცნობით, ჰანია, რომელიც კატარში ცხოვრობდა, თეირანში ვიზიტისას ხშირად სწორედ ამ სახლში რჩებოდა.

31 ივლისის გამთენიისას ჰამასის პოლიტიკური ლიდერი, ისმაილ ჰანია თეირანში მოკლეს. ერთი დღით ადრე ჰანია, რომელიც წლების განმავლობაში კატარში ცხოვრობდა, ირანში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე ჩავიდა. იერიში ჰამასმა და ირანმა ისრაელს დააბრალა. იერუსალიმი ბრალდებას არც ადასტურებს და არც უარყოფს. 

The New York Times-მა 31 ივლისს წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ჰამასის ლიდერის, ისმაილ ჰანიას თეირანში მკვლელობის პასუხად ისრაელზე პირდაპირი დარტყმის ბრძანება გასცა.მედიის ცნობით, ხამენეიმ ეს ბრძანება ირანის უზენაესი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომაზე გასცა.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენად მასშტაბური იქნება ირანის პასუხი.

2024 წლის აპრილში ირანმა ისრაელზე მასშტაბური იერიში მიიტანა ასობით რაკეტისა და დრონის გამოყენებით. ეს იყო პასუხი ისრაელის მიერ სირიაში, დამასკოში ირანის საელჩოზე მიტანილ იერიშზე. მაშინ ისრაელმა თითქმის ყველა შემომავალი ობიექტი მოიგერია და ფაქტობრივად არ დაზიანებულან.

კომენტარები