დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

Telegraph: ჰანიას რეზიდენციაში ბომბების დასამონტაჟებლად მოსადმა ირანელი აგენტები დაიქირავა

ANADOLU/GETTY IMAGES

Telegraph-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელის დაზვერვის სააგენტომ, მოსადმა თეირანში, ჰამასის ლიდერის, ისმაილ ჰანიას რეზიდენციაში, სამ სხვადასხვა ოთახში ბომბების დასამონტაჟებლად ირანელი აგენტები დაიქირავა.

გამოცემის ცნობით, თავდაპირველი გეგმით, ისმაილ ჰანია მაისში, იბრაჰიმ რაისის დაკრძალვაზე თეირანში ყოფნის დროს უნდა მოეკლათ. თუმცა, გეგმა არ ამოქმედდა რადგან რეზიდენციაში ბევრი ადამიანის ყოფნის გამო მიზნის მიღწევა საეჭვოდ ჩაითვალა.

როგორც Telegraph-ი ორ ირანელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, სანაცვლოდ, აგენტებმა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მიერ მართულ იმ რეზიდენციაში, სადაც, სავარაუდოდ, მომავალში ჰანია თეირანში ვიზიტის დროს დარჩებოდა, ბომბები დაამონტაჟეს.

გამოცემის ცნობით, შემდეგ აგენტებმა ქვეყანა დატოვეს, თუმცა ადგილზე ინფორმატორი დატოვეს. Telegraph-ი წერს, რომ მათ ბომბები საზღვარგარეთიდან, დისტანციურად აამოქმედეს და ჰანია მოკლეს.

აქამდე The New York Times-მა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, ბომბი, რომლითაც ჰამასის პოლიტიკური ლიდერი, ისმაილ ჰანია მოკლეს, თეირანში, მისთვის განკუთვნილ სახლში დაახლოებით ორი თვის წინ დაამონტაჟეს.

NYT-ის მიხედვითაც, ბომბი თავდამსხმელებმა დისტანციურად აამოქმედეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ ჰანია იქ იმყოფებოდა.

ირანულ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემამ ასევე დაწერა, რომ აფეთქებამ შენობა შეარყია, რამდენიმე ფანჯარა ჩაამსხვრია და გარე კედლის ნაწილობრივი ჩამონგრევა გამოიწვია. თავდასხმას დაცვის ერთი წევრიც ემსხვერპლა.

31 ივლისის გამთენიისას ჰამასის პოლიტიკური ლიდერი, ისმაილ ჰანია თეირანში მოკლეს. ერთი დღით ადრე ჰანია, რომელიც წლების განმავლობაში კატარში ცხოვრობდა, ირანში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე ჩავიდა. იერიში ჰამასმა და ირანმა ისრაელს დააბრალა. იერუსალიმი ბრალდებას არც ადასტურებს და არც უარყოფს. 

The New York Times-მა 31 ივლისს წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ჰამასის ლიდერის, ისმაილ ჰანიას თეირანში მკვლელობის პასუხად ისრაელზე პირდაპირი დარტყმის ბრძანება გასცა.მედიის ცნობით, ხამენეიმ ეს ბრძანება ირანის უზენაესი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომაზე გასცა.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენად მასშტაბური იქნება ირანის პასუხი.

2024 წლის აპრილში ირანმა ისრაელზე მასშტაბური იერიში მიიტანა ასობით რაკეტისა და დრონის გამოყენებით. ეს იყო პასუხი ისრაელის მიერ სირიაში, დამასკოში ირანის საელჩოზე მიტანილ იერიშზე. მაშინ ისრაელმა თითქმის ყველა შემომავალი ობიექტი მოიგერია და ფაქტობრივად არ დაზიანებულან.

კომენტარები