დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

NYT: აიათოლა ხამენეიმ ისრაელზე პირდაპირი დარტყმის ბრძანება გასცა

აიათოლა ხამენეი

The New York Times-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ჰამასის ლიდერის, ისმაილ ჰანიას თეირანში მკვლელობის პასუხად ისრაელზე პირდაპირი დარტყმის ბრძანება გასცა.

მედიის ცნობით, ხამენეიმ ეს ბრძანება ირანის უზენაესი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომაზე გასცა. ამის შესახებ NYT-თან სამმა ირანელმა ანონიმურმა წყარომ ისაუბრა. ორი წყარო, მედიის ცნობით, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წარმომადგენელია.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენად მასშტაბური იქნება ირანის პასუხი.

31 ივლისის გამთენიისას ჰამასის პოლიტიკური ლიდერი, ისმაილ ჰანია თეირანში აფეთქებას ემსხვერპლა. ერთი დღით ადრე ჰანია, რომელიც წლების განმავლობაში კატარში ცხოვრობდა, ირანში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე ჩავიდა. იერიში ჰამასმა და ირანმა ისრაელს დააბრალა. იერუსალიმი ბრალდებას არც ადასტურებს და არც უარყოფს. 

2024 წლის აპრილში ირანმა ისრაელზე მასშტაბური იერიში მიიტანა ასობით რაკეტისა და დრონის გამოყენებით. ეს იყო პასუხი ისრაელის მიერ სირიაში, დამასკოში ირანის საელჩოზე მიტანილ იერიშზე. მაშინ ისრაელმა თითქმის ყველა შემომავალი ობიექტი მოიგერია და ფაქტობრივად არ დაზიანებულან.

კომენტარები