საქართველო-ევროკავშირი

EEAS: EU-მ საქართველოს უსაფრთხოებისთვის 2008-2024 წლებში €354 მილიონზე მეტი დახარჯა

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) მიერ X-ზე გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ევროკავშირმა საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებისთვის 2008 წლიდან დღემდე €354 მილიონზე მეტი დახარჯა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოსთვის (EUMM Georgia), რომელიც შეუიარაღებელი, სამშვიდობო მისიაა, საქართველოში 2008 წლიდან მოქმედებს. 

მონაცემების მიხედვით, ევროკავშირმა 2008-2024 წლებში საქართველოს უსაფრთხოებისთვის €354 მილიონზე მეტი დახარჯა, ხოლო ამავე მიზნისთვის 2024 წლის ბიუჯეტი €47 მილიონს შეადგენს. 

2021-2023 წლებში €63 მილიონის ოდენობის თანხა ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერებისთვის დახარჯა და, კერძოდ, 2 სრულად აღჭურვილი მოძრავი სამედიცინო დაწესებულება, გორის სამხედრო ჰოსპიტალისთვის სამედიცინო აღჭურვილობა, 42 სატვირთო მანქანა, 96 ინდივიდუალური და 17 ჯგუფური ტიპის საინჟინრო ნაკრები და კიბერ-უსაფრთხოების ტრენინგები და ვარჯიშები დააფინანსა.

პოსტში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის 2024 წლისთვის გამოყოფილი დახმარება ჯერჯერობით შეჩერებულია. 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიზანს საქართველოში საომარი მოქმედებების დაწყების თავიდან აცილება და გრძელვადიანი სტაბილურობის შენარჩუნება, აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან არსებული ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მცხოვრები ოჯახების უსაფრთხო ცხოვრების ხელშეწყობა და დაპირისპირებულ მხარეებს შორის ნდობის აღდგენა წარმოადგენს

კომენტარები