საქართველო-ევროკავშირი

ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის განკუთვნილი €30 მილიონი გაყინა

საქართველოს თავდაცვის ძალების სპეცდანიშნულების რაზმის სამხედროები Agile Spirit 2021-ის სამხედრო წვრთნაზე.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის ძალების დახმარებისთვის განკუთვნილი 30 მილიონი ევრო გაყინა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ ისაუბრა.

ჰერჩინსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია და საქართველოს მთავრობისადმი მხარდაჭერა შემცირდება, მათთვის განკუთვნილი თანხებით კი მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის დახმარებას შეეცდებიან.

"როდესაც საუბარია უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე, სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ [ევროკავშირის] ლიდერებმა ასევე გადაწყვიტეს გაეყინათ ფული, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად იყო გამოყოფილი, ევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF) ფარგლებში. ამ მომენტისთვის, ფული, რომლის გადარიცხვასაც თავდაცვის სამინისტროსთვის ვგეგმავდით, რაც 30 მილიონ ევროს მოიცავს, გაყინულია. და ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია, სხვა ნაბიჯების იქნება. ჩვენი პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისადმი შემცირდება და შევეცდებით, მთავრობისადმი ეს პირდაპირი მხარდაჭერა გადავიტანოთ სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიისკენ, ამის შესახებ ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის შემდეგ გამოაცხადეს." – ტელეკომპანია ფორმულას ცნობით, თქვა ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

აქამდე, 5 ივლისს პენტაგონმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ აშშ-საქართველოს პარტნიორობის გადახედვის ფარგლებში და დასავლეთის მიმართ ქართული ოცნების ცრუ ბრალდებების ფონზე, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო სამხედრო წვრთნები ღირსეული პარტნიორი 2024ღირსეული პარტნიორის სწავლებები ბოლო წლების განმავლობაში ამერიკელი სამხედროებისა და ჯავშანტექნიკის მონაწილეობით პერიოდულად ტარდებოდა.

"30 მაისს აშშ-ს მთავრობამ საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობის სრული გადახედვა დაიწყო. ღირსეული პარტნიორის გადადების გადაწყვეტილება უკავშირდება საქართველოს მთავრობის ცრუ ბრალდებებს შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლელი სუბიექტების მიმართ, თითქოს საქართველოს აიძულებდნენ გაეხსნა მეორე ფრონტი რუსეთთან, რათა შემცირებულიყო ზეწოლა უკრაინის მიმართ და თითქოს, [რედ. დასავლეთი] მონაწილეობდა მმართველი პარტიის წინააღმდეგ გადატრიალების ორ მცდელობაში. შესაბამისად, შეერთებული შტატების მთავრობამ გადაწყვიტა, რომ შეუფერებელი დროა საქართველოში ფართომასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად." – ეწერა აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში.

ჯერ კიდევ ივნისის ბოლოს ამერიკელი დემოკრატი სენატორი, ჯინ შაჰინი ამბობდა, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები გავლენას ახდენდა თბილისსა და ვაშინგტონს შორის სამხედრო ურთიერთობასა და თანამშრომლობაზე.

 

კომენტარები