საქართველო-რუსეთი

რუსეთი კვლავ ჟენევის დისკუსიების ადგილის ცვლილების სურვილზე საუბრობს

მიხაილ გალუზინი

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინი კვლავ ამბობს, რომ ამ ფორმატის მოლაპარაკებების ლოკაციის ცვლილება სურთ.

"გავაგრძელებთ ამ თემაზე აქტიურ მუშაობას, რათა კონენსუსს მივაღწიოთ. ჯერჯერობით არ სახელდება გადატანის შესაძლო ადგილები, რადგან ახლა მიმდინარეობს მუშაობა, უშუალო დიალოგი დისკუსიის მონაწილეებთან. ასეთი ახალი ადგილი უნდა იყოს პოლიტიკურად კომფორტული ყველა მონაწილისთვის. ამისთვის საჭიროა კონსენსუსი და ჩვენი დიპლომატია მუდმივად ცდილობს გაითვალისწინოს პარტნიორების კანონიერი ინტერესები და კონსენსუსები ყველა საკითხზე, და ამას აქაც მივაღწევთ. მომდევნო შეხვედრა სავარაუდოდ წლის ბოლოს შედგება, ალბათ, დეკემბერში, ჯერ კიდევ ჟენევაში, რადგან კონსენსუსამდე ჯერაც არ მივსულვართ. მოვლენებისთვის გასწრება საჭირო არაა, საკითხი დაყენებულია, ის განიხილება. ახლა დროზე ადრეა რაღაც ვადებზე საუბარი." – თქვა გალუზინმა. 

გალუზინის მტკიცებით, შვეიცარიამ, როგორც ნეიტრალურმა სახელმწიფომ, ეს სტატუსი დაკარგა და რუსეთისთვის და მისი მარიონეტებისთვის კომფორტული აღარაა.

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტი ლიდერი, ასლან ბჟანია 2024 წლის თებერვალში ამბობდა, რომ რუსეთს ჟენევის მოლაპარაკებების ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში გადატანა სურდა.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე და მის მთავარ განსახილველ საკითხებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნება, რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები წარმოადგენს. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ისევე, როგორც ცხინვალსა და სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.

კომენტარები