აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ

სპეცრაზმელების მიერ ნაცემ ირაკლი კუპრაძეს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა

პარტია ლელო საქართველოსთვის გენერალურ მდივანს ირაკლი კუპრაძეს დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიანიჭეს. კუპრაძის თქმით, მას სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ვიდეოჩანაწერები მიაწოდა, რომლებშიც ჩანს, თუ როგორ ძალადობენ სამართალდამცველები მასზე ფიზიკურად 16 აპრილის საპროტესტო აქციაზე.

ლელოს გენერალური მდივნის ინფორმაციით, ის პირები, რომლებიც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, ჯერჯერობით იდენტიფიცირებულები არ არიან. 

"დამიბარეს სპეციალურ საგამოძიებო უწყებაში, საუბარი შეეხებოდა ძალიან მარტივ საქმეს, ეს არის 16 აპრილს ჩემი დაკავება, რა საქმეზეც მომანიჭეს დაზარალებულის სტატუსი. [...]

სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ არის იდენტიფიცირება მომხდარი იმ დამნაშავე სპეცრაზმელების, რომლებიც ამ დანაშაულებრივ დავალებას ასრულებდნენ, ეს იყო პოლიტიკური ანგარიშსწორების დავალება, რომელიც, რა თქმა უნდა, სპეცრაზმმა შეასრულა შესაბამისი დაკვეთის საფუძველზე.

ეს საქმე აუცილებლად გახდება პრეცედენტული სხვა ფაქტებთან ერთად იმიტომ, რომ ვიდეო ჩანაწერების გადახვევის დროს მქონდა შესაძლებლობა, სხვების დაკავების კადრებიც მენახა, სადაც აშკარად ჩანს, ერთი, პოლიტიკური დავალება, მეორე, ანგარიშსწორება და ფიზიკური ძალადობა მოქალაქეებზე, პოლიტიკოსებზე, რომლებსაც ადგილზე აკავებდნენ.

ის, რასაც ჩვენ სიტყვიერად ვსაუბრობდით, დაზუსტდება იმ ვიდეოჩანაწერებით, რომლებიც გახდება აუცილებლად საჯარო. სულ რამდენიმე დღეში საბოლოოდ მოგვაწვდიან ვიდეო კადრებსაც" - თქვა კუპრაძემ TV პირველთან საუბრისას. 

ირაკლი კუპრაძეს 16 აპრილს რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა სცემეს და დააკავეს

კომენტარები