აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ

გომელაურის თქმით, ცდილობენ, არ გამოიყენონ მთლიანი ძალები – ჭავლი, სპრეი, რეზინის ტყვიები

"თითქმის ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არ გამოვიყენოთ შესაბამისი ძალები ანუ მთლიანი ძალები". - თქვა შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

გუშინ, 8 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის დარბევის დროს "გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები".

"ძალიან ხშირად და ალბათ, თითქმის ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არ გამოვიყენოთ შესაბამისი ძალები ანუ მთლიანი ძალები, რაც შეიძლება გამოყენებული იქნას კანონის ფარგლებში. ეს იქნება სხვადასხვა წყლის ჭავლი თუ გაზი, მხუთავი აირი, თუ სპრეი იქნება წიწაკის". - თქვა გომელაურმა.

შს მინისტრის მტკიცებით, 1-ელი მაისის ღამეს, აქციის დარბევისას, უწყებას მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები არ გამოუყენებია, თუმცა ამის "სრული უფლება" აქვთ.

"იმ დღეს არ გვისვრია, რა თქმა უნდა, განცხადებაც გავაკეთეთ, თუმცა, სრული უფლება გვაქვს [რეზინის ტყვიები] გამოვიყენოთ". - დაამატა გომელაურმა.

კომენტარები