გერმანია

გერმანიის მინისტრთა კაბინეტი ტერორმიზმის მხარდამჭერთა დეპორტაციის ზომებს ამკაცრებს

ოლაფ შოლცი
Krisztian Bocsi/Bloomberg

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, 26 ივნისს, გერმანიის მინისტრთა კაბინეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც გააადვილებს და გაამკაცრებს იმ ადამიანების დეპორტაციას, ვინც ტერორისტულ ქმედებებს სხვადასხვა გზით მხარს უჭერს.

კანონპროექტის თანახმად, ტერორისტული დანაშაულის განდიდება, მოწონება ან რაიმე ფორმით მხარდაჭერა, თუნდაც სოციალურ ქსელებსა და მედიაში, საკმარისი მიზეზი იქნება იმისთვის, რომ განიხილებოდეს კონკრეტული პიროვნების დეპორტაცია.

ეს კიდევ უფრო გააადვილებს გერმანიაში მცხოვრები იმ უცხოელების დეპორტაციას, ვინც ღია მხარდაჭერას და სიმპათიას გამოთქვამს ტერორისტული დანაშაულებებისადმი, რადგან სისხლის სამართლით გასამართლება აღარ იქნება ქვეყნიდან დეპორტაციის ერთადერთი მიზეზი.

"ჩვენ მკაცრ ზომებს ვიღებთ ისლამისტური და ანტისემიტური ონლაინ სიძულვილის დანაშაულის წინააღმდეგ". - თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფერეზმა.

ივნისის დასაწყისში, გერმანიის ქალაქ მანჰეინმში ავღანელი მიგრანტის მიერ პოლიციელის მკვლელობის შემდეგ, გერმანიის მთავრობამ სადეპორტაციო ზომების გამკაცრება დაიწყო. მომხდარიდან რამდენიმე დღეში, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა დეპორტაციის ზომების გამკაცრებაზე ისაუბრა. შოლცის თქმით, მთავრობა კრიმინალებისა და საშიში მიგრანტების წარმომშობ ქვეყნებში დაბრუნების გზებზე მუშაობს. 

"ყველა, ვინც ადიდებს ტერორიზმს ეწინააღმდეგება ჩვენს ღირებულებებს და უნდა იყოს დეპორტირებული". - თქვა შოლცმა ბუნდესტაგის პარლამენტის ქვედა პალატასთან მიმართვაში.

კომენტარები