გერმანიაში სასამართლომ ქალაქ მაგდებურგში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის მოწყობისთვის 51 წლის ფსიქიატრს, თალებ ალ-აბდულმოსენს უვადო პატიმრობა მიუსაჯა.
ალ-აბდულმოსენი 2024 წლის 20 დეკემბერს, 19:02 საათზე მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე BMW-ს მოდელის მანქანით შევარდა. თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი, მათ შორის 9 წლის ბავშვი და 5 ქალი, დაიღუპა, ხოლო 300-ზე მეტი დაშავდა.
პროკურატურის მიხედვით, ალ-აბდულოსმენს თავდასხმა სერიოზული იდეოლოგიური მიზეზების გამო არ მოუწყვია, არამედ პირადი მოტივები ამოძრავებდა. სამართალდამცავების თქმით, მან თავდასხმა წინასწარ დაგეგმა და მარტომ იმოქმედა.
სამართალდამცავების მიხედვით, ალ-აბდულმოსენი რიგი სამოქალაქო სასამართლო დავების წაგებით უკმაყოფილო იყო და თავდასხმა ამ მიზეზით მოაწყო.
"ბრალდებულს მხოლოდ საკუთარი თავი ადარდებდა". - განაცხადა პროკურატურამ.
ფსიქიატრიული შემოწმების დროს თავდამსხმელს ნარცისული პიროვნული აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს.
თავდამსხმელი საუდის არაბეთიდან გერმანიაში 2006 წელს ჩავიდა, ხოლო პოლიტიკური თავშესაფარი 2016 წელს მიანიჭეს. არსებული ინფორმაციით, ალ-აბდულმოსენი საუდის არაბეთის მმართველ ოჯახსა და ისლამს აკრიტიკებდა, რის გამოც პოლიტიკური დევნის სამიზნე გახდა.
ალ-აბდულმოსენი ფსიქიატრიისა და ფსიქოთერაპიის სპეციალისტია და თავდასხმამდე ქალაქ ბერნბურგში ნარკოდამოკიდებული ადამიანებისთვის განკუთვნილ ფსიქიატრიულ კლინიკაში მუშაობდა.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



