რუსეთი

რუსეთის სასამართლომ ამერიკელ სამხედროს თითქმის 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა

გორდონ ბლეკი
Ria

ვლადივასტოკის სასამართლომ ამერიკელ სამხედროს, გორდონ ბლეკს 3 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ბლეკს 10 000 რუბლის ($120) ქურდობა ედება ბრალად. 

გამოძიების ვერსიით, მიმდინარე წლის მაისში ბლეკმა მეგობარ ქალთან, ალექსანდრა ვაშუკთან იჩხუბა. ჩხუბის დროს სამხედრო ვაშიუკს ყელში წვდა და დაზარალებულის ჩანთიდან 10 000 რუბლი აიღო. ბლეკის თქმით, მოპარული ფულის ნაწილი სასტუმროს ნომრის ქირაში დახარჯა, რომელშიც მოგვიანებით ამერიკელი სამხედრო სამართალდამცავებმა დააკავეს.

თავადა ბლეკის თქმით, ჩხუბის დღეს ვაშუკმა თითქმის ნახევარი ბოთლი არაყი დალია და აგრესიული გახდა – მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ესროლა თეფში და სახეში ხელი გაარტყა. 

პროკურატურა ბლეკისთვის 4 წლითა და 8 თვით პატიმრობას ითხოვდა. ბლეკმა მკვლელობის მცდელობა არ აღიარა, მაგრამ ნაწილობრივ აღიარა ქურდობა. მისი თქმით, მოპარული თანხა ვაშუკს მეორე დღეს გადაურიცხა.

ბლეკის დაცვა განაჩენის გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებს.

ბლეკი სამხრეთ კორეაში მდებარე ამერიკულ ბაზაზე მსახურობდა. სამხედროს მიმოწერა ჰქონდა ვაშუკთან და ბაზიდან რუსეთში თვითნებურად გაემგზავრა. წყვილი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერთად ცხოვრობდა.

კომენტარები