რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მოსკოვის ბირჟის სანქცირების ფონზე, რუსული საბროკერო ანგარიშებიდან $ და € ვერ გააქვთ

მოსკოვის ბირჟისთვის აშშ-ს მიერ დაწესებული ახალი სანქციების ფონზე, უდიდესმა რუსულმა საფინანსო კომპანიებმა, Финам-მა და БКС-მ კლიენტებს საბროკერო ანგარიშებიდან აშშ დოლარის, ევროსა და ჰონგ-კონგის დოლარის გატანის შესაძლებლობა შეუჩერა.

"დაგვჭირდება გარკვეული დრო, რომ მივიღოთ მონაცემები ბირჟიდან დაბლოკილი თანხების შესახებ, გავაკეთოთ შიდა გამოთვლები და მივიღოთ საჭირო ზომები, რათა ინვესტორებმა საკუთარი სახსრების მართვის შესაძლებლობა მიიღონ." – ამბობენ Финам-ში.

Финам-ი ერთ-ერთი უდიდესი რუსული საბროკერო კომპანიაა, რომელიც მოსკოვის ბირჟაზე მუშაობს.

აქამდე, 12 ივნისს აშშ-ს სახაზინომ გამოაცხადა, რომ დააწესეს ახალი სანქციები 300-მდე ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ, როგორც რუსეთიდან, ისე სხვა ქვეყნებიდან. ეს პირები დასანქცირდნენ იმ მიზეზით, რომ რუსეთს აქამდე დაწესებული შეზღუდვებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებოდნენ. სანქციები შეეხო მოსკოვის სავაჭრო ბირჟასაც, ასევე ეროვნულ ანგარიშსწორების დეპოზიტარს. შეზღუდვების ახალი ტალღა საბანკო სისტემის გარდა ზღუდავს რუსეთისთვის ჰონგ-კონგში წარმოებული მიკროჩიპების მიწოდებასაც.

სანქციების გამო, მოსკოვის საფონდო ბირჟამ 13 ივნისიდან დოლარსა და ევროში ვაჭრობის შეჩერება გამოაცხადა. რუსეთის ცენტრალური ბანკის პრესსამსახურში განმარტეს, რომ მათ ევროში ვაჭრობის შეჩერება იმიტომ უწევთ, რომ აშშ-ს მიერ დაწესებულ შეზღუდვებს ევროკავშირის ქვეყნებიც ასრულებენ.

რუსეთის ცენტრალურ ბანკში ასევე გამოაცხადეს, რომ აჩერებენ ჰონგ-კონგურ დოლარში ვაჭრობასაც, რადგან ეს უკანასკნელი ამერიკულ დოლარზეა მიბმული. უწყებაში ეს გადაწყვეტილება რისკების შემცირების მიზნით განმარტეს.

 

კომენტარები