რუსული რეჟიმი

ბოლო მოუღეთ ამგვარ მოვლენებს – EU ტიტუშკების თავდასხმებს ეხმაურება

ევროკავშირის პრესსპიკერი, პიტერ სტანო

ევროკავშირი ბოლო პერიოდში საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წევრების, პოლიტიკოსების, აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ თავდასხმებს ეხმაურება და ხელისუფლებას მსგავსი მოვლენების აღკვეთისკენ მოუწოდებს. შესაბამის განცხადებას ბლოკის პრესსპიკერი, პიტერ სტანო ავრცელებს.

სტანოს თქმით, პოლიტიკურმა აქტორებმა თავიანთი სიტყვით არ უნდა წაახალისონ ქვეყანაში არსებული პოლარიზებული გარემო.

"ევროკავშირი გამოხატავს წუხილს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარისა და ფიზიკური თავდასხმების მზარდი რაოდენობით მომხდარი შემთხვევების გამო. ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ბოლო მოუღოს ამ ნეგატიურ მოვლენებს და ზედმიწევნით და დროულად გამოიძიოს ძალადობისა და დაშინების დოკუმენტირებული ქმედებები. ასევე მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ აქტორებს, თავი შეიკავონ ისეთი ფორმულირებების გამოყენებისგან, რომელმაც ქვეყანაში უკიდურესი პოლარიზაცია შეიძლება მეტად გაამწვავოს". - წერია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ გუშინ, 11 ივნისს ქართული ოცნების ტიტუშკები თავს დაესხნენ აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილს. თავდასხმამდე ერთი საათით ადრე, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა Facebook-ზე დაწერა პოსტი, რომელშიც აქტივისტები, მათ შორის, ზუკა ბერძენიშვილი, პარლამენტის წევრების მიმართ მუქარაში და ტერორის კამპანიის წარმოებაში დაადანაშაულა.

კომენტარები