აშშ

აშშ–ს წარმომადგენელთა პალატამ ჰააგის სასამართლოს დასანქცირების შესახებ კანონს მხარი დაუჭირა

Lawrence Jackson—Official White House Photo

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა რესპუბლიკური პარტიის კანონპროექტს, რომელიც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გულისხმობს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 245-მა დეპუტატმა 155-ის წინააღმდეგ

ჰააგის სასამართლოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივა უკავშირდება ჰააგის პროკურორების მიერ ისრაელის პრემიერმინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერის გაცემის მოთხოვნას. 

Reuters-ის ცნობით, აღნიშნულ კანონპროექტს დიდი ალბათობით კონგრესი საბოლოოს მხარს არ დაუჭერს, თუმცა ასახავს აშშ-ს განწყობებს ჰააგის სასამართლოს პროკურორების გადაწყვეტილების მიმართ. როგორც ცნობილია, არ იგეგმება ამ კანონპროექტის სენატში წარდგენა.

კანონპროექტის მიხედვით, სანქციები შეეხებათ ჰააგის სასამართლოს პროკურატურაში ჩართულ პირებს, რომლებიც საქმეებს აწარმოებენ აშშ-ს ან მისი იმ მოკავშირეების მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც ჰააგის სასამართლოს იურისდიქციაში არ არიან. პოტენციური სანქციები მოიცავს სავიზო შეზღუდვებს და აქტივების გაყინვას აშშ-ს ტერიტორიაზე. 

ჰააგის სასამართლოში პროკურორები ომის დანაშაულების ბრალდებით პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტზე და ჰამასის სამ ლიდერზე, მათ შორის იაჰია ალ-სინვარზე დაკავების ორდერებს ითხოვს. ჰააგის სასამართლოს პროკურორის კარიმ კანის თქმით, სასამართლომ დაკავების ორდერები შიმშილის ომის მეთოდად გამოყენებისთვის, ჰუმანიტარული დახმარების ხელის შეშლისთვის და სამოქალაქო პირების მიზანში ამოღებისთვის უნდა გამოსცეს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჰააგის სასამართლოში პროკურორები ისრაელის მაღალი თანამდებობის პირების დაკავების ორდერს ითხოვენ. 

კომენტარები