რუსული კანონი

საგამოძიებო სამსახურმა POSTV-ის საქმიანობაში ხელის შეშლაზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა (სსს) ვიტალი გუგუჩიას სახლში მისულ POSTV-ის გადამღები ჯგუფისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საგამოძიებო სამსახურმა ეს ინფორმაცია ტაბულას დაუდასტურა. 

პროპაგანდისტული არხის, POSTV-ის ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ გადამღებ ჯგუფთან ერთად მოქალაქე ვიტალი გუგუჩიასა და მის ოჯახს სამეგრელოში სახლში ჩააკითხა, რასაც ჩხუბი მოჰყვა. 

მოქალაქის სახლში მისული ნათია ბერიძე მას "მეგის ქარდავას ხელის ბიჭობასა" და "საქმეების შეკერვაში" ადანაშაულებდა. 

გუგუჩია მაღაზიის მფლობელია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის დეპუტატმა, ხალხის ძალის წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ, მისი მაღაზიიდან ფორთოხლის სროლისთვის ბოდიში მოუხადა და რუსულ კანონზე ელაპარაკა. 

"ფორთოხალი პრობლემა არ არის, თქვენ მომავალი წაგვართვით". - ასე უპასუხა მოქალაქემ ბიძინა ივანიშვილის დეპუტატ ჯაფარიძეს, რომელიც მასთან ბოდიშის მოხდის მიზნით მივიდა - "თქვენი ფორთოხალი ვისროლე და ბოდიშის მოსახდელად მოვედი".

მანამდე, 28 მაისს რუსული კანონის ხმის მიცემის შემდეგ, რუსული კანონის მოწინააღმდეგე პირი მანქანაში მსხდარ დეპუტატებს აგინებდა, რა დროსაც ბიძინა ივანიშვილის დეპუტატი ჯაფარიძე მანქანიდან გადმოვიდა, მარკეტის ფორთოხალი აიღო და მოქალაქეს ესროლა.

ამავე დღეს, 28 მაისს რუსულმა რეჟიმმა რუსული კანონი საბოლოოდ მიიღო. კენჭისყრაზე 66-მა დეპუტატმა პრეზიდენტის ვეტოს წინააღმდეგ მისცა ხმა. ვეტოს დაძლევის შემდეგ, ივანიშვილის 84-მა დეპუტატმა კანონის საბოლოო მიღებას დაუჭირა მხარი.

კომენტარები