საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების მიერ რუსული კანონის საქმეზე შეტანილი სარჩელი წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო.
საიას ცნობით, სასამართლომ აღნიშნულ საქმეს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი შეიძლება მიანიჭოს, რომელიც ადამიანის უფლებათა დარღვევის გამორჩეულად მნიშვნელოვან საკითხებს გულისხმობს.
"რუსული კანონის" საქმეზე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წერილობითი კომუნიკაცია წარადგინეს. ორგანიზაციებმა სასამართლოს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია "რუსული კანონის" მიღების შემდგომ გაუარესებული მდგომარეობის, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების შემზღუდველი ახალი კანონების მიღების, მათი რეპრესიული აღსრულების და სამოქალაქო ორგანიზაციების დევნის ერთიან პროცესზე, რომლის მიზანი დამოუკიდებელი მედიის და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განადგურებაა.
"რუსულ კანონზე" და მის მიერ გამოწვეულ მძიმე შედეგებზე საჩივრით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 16-მა მედია ორგანიზაციამ, 120-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ და 4-მა ფიზიკურმა პირმა 2024 წლის 17 ოქტომბერს მიმართა. სასამართლომ საქმის განხილვა უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში დაიწყო, რის შემდგომაც საქმის განხილვა ახალ ეტაპზე გადავიდა. სასამართლომ უკვე მიიღო სახელმწიფოს პასუხი საჩივართან დაკავშირებით. შემდეგ ეტაპზე იუსტიციის სამინისტროს კვლავ მოუწევს წერილობითი მოსაზრებების სასამართლოში წარდგენა და მომჩივნების წერილობით არგუმენტაციაზე პასუხის გაცემა.
არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები, ასევე ფიზიკური პირები სტრასბურგის სასამართლოში დავობენ, რომ "რუსული კანონი" არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ გაერთიანების თავისუფლებას (მე-11 მუხლი), გამოხატვის თავისუფლებას (მე-10 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებას (მე-8 მუხლი), დისკრიმინაციის აკრძალვის (მე-14 მუხლი), სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლების (მე-13 მუხლი) და უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლებს (მე-18 მუხლი).
სასამართლომ საქმე წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო. ამასთან, სასამართლოს მიერ გამოგზავნილ კორესპონდენციაში მითითებულია, რომ სასამართლომ საქმეს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი შეიძლება მიანიჭოს. მსგავსი სტატუსი ენიჭება ისეთ საქმეებს, რომლებიც ადამიანის უფლებათა დარღვევის გამორჩეულად მნიშვნელოვან საკითხებს ეხება.
იუსტიციის სამინისტრომ საკუთარ პოზიციაში დამალა/არ მიაწოდა სასამართლოს ინფორმაცია "FARA"-ს მიღებისა და "გრანტების შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებების თაობაზე, რომლებიც სამოქალაქო სექტორის შევიწროებისა და დევნის მექანიზმებია და თავისი არსით წარმოადგენს "რუსული კანონით" დაწესებული შემზღუდველი რეჟიმის გაგრძელებას. ამასთან, იუსტიციის სამინისტროს მოსაზრებით "რუსული კანონი" არ არღვევს კონვენციით დაცულ უფლებებს.
მომჩივნებმა სასამართლოს წარუდგინეს ინფორმაცია იმ რეპრესიული მექანიზმების და ეფექტების შესახებ, რაც "რუსული კანონის" ძალაში შესვლიდან დღემდე უფლებადამცველი და მედია ორგანიზაციების წინააღმდეგ გამოიყენება, მათ შორის, უკანასკნელ პერიოდში ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღების პროცესის შესახებ.
საქმის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მიანიშნებს ისიც, რომ მასში მესამე მხარედ ჩართვა ადამიანის უფლებების დამცველმა 8 საერთაშორისო ორგანიზაციამ/კოალიციამ 21 სუბიექტის სახელით მოითხოვა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქმის მნიშვნელობას და ხაზს უსვამს უფლებადამცველი და მედია ორგანიზაციების მიმართ იმ სისტემურ რეპრესიებს, რომლებსაც საკანონმდებლო დონეზე სათავე "რუსული კანონით" დაედო. საქმეში მესამე მხარის მოსაზრებები წარადგინეს, მათ შორის ვენეციის კომისიამ და ამნესთი ინთერნეშენალმა". - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
რუსულმა რეჟიმმა რუსული კანონი III მოსმენით 2024 წლის 14 მაისს მიიღო. კანონპროექტს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 30 დეპუტატი. პარალელურად პარლამენტთან დილიდან საპროტესტო აქციები იმართება. ახლა პარლამენტი კანონპროექტს საქართველოს პრეზიდენტს გადაუგზავნის ხელმოსაწერად. როგორც ცნობილია, სალომე ზურაბიშვილი ვეტოს გამოყენებას აპირებს.
ბიძინა ივანიშვილმა გასული წლის მარტში მოქალაქეების პროტესტის შედეგად გაწვეული რუსული კანონი 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა. რეჟიმმა არ გაითვალისწინა არც ათი ათასობით მოქალაქის პროტესტი, არც ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებები და არც უცხოელი პარტნიორების მოწოდებები, არ მიეღო რუსული კანონი და არ დაეყენებინა საფრთხის ქვეშ საქართველოს ევროპული მომავალი.
პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ 10 მაისს თქვა, რომ შესაძლებელია, ვეტოს პროცედურის ფარგლებში შეჯერდეს პოზიციები. მისი თქმით, არის ორი კვირა, 14-28 მაისის პერიოდში, როდესაც შესაძლებელია ყველა საკითხის განხილვა-შეჯერება უცხოელ პარტნიორებთან.
"ევროკავშირის უმაღლესი დონის წარმომადგენლებზეა საუბარი... მათ შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტთანაც მქონდა საუბარი და შევჯერდით, მისი ინიციატივაც იყო და ეგრევე დავუჭირე ამას მხარი... პირდაპირ, გახსნილად შევთავაზე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებს ეს დისკუსია, რომ წარმოგვიდგინეთ კონკრეტული შენიშვნები, დავსხდეთ, შევჯერდეთ, რაზეც შევჯერდებით, იმას ავსახავთ კანონში...
[მზად ვართ ცვლილებებისთვის], რა თქმა უნდა, ისე რა აზრი აქვს დისკუსიას, მივიღებთ სამართლებრივ შენიშვნებს და რა თქმა უნდა, ამის გაზიარებაზეა საუბარი" - თქვა კობახიძემ.
პრემიერმა მედიასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ბოლო ტენდენციები "კარგია" და "კონსტრუქციულობის ელემენტებს" ხედავს.
"მე განვუმარტე ჩვენს პარტნიორებს, რომ ვეტოს პროცედურის ფარგლებში შესაძლებელია, რომ შეჯერდეს პოზიციები. ჩვენ ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილი თვითონ არ წერს ხოლმე საკუთარ ვეტოს კანონპროექტებს – ან ენჯეოები უწერენ, ან გარედან უწერენ. შესაბამისად, ეს ბერკეტი შეგვიძლია კიდევ ერთხელ გამოვიყენოთ. შესაძლებელია ვეტოს პროცედურის გამოყენება, იმისათვის, რომ ჩვენ შევაჯეროთ პოზიციები ამ კანონპროექტთან დაკავშირებით.
აქ უკვე, პრინციპში, ჩვენი პარტნიორები, იძულებული იქნებიან, რომ კონკრეტული შენიშვნები წარმოადგინონ და ასახონ პრეზიდენტის ვეტოში. თქვენ იცით, ვეტო როცა შემოდის პარლამენტში, ეს ვეტო უნდა იყოს ჩამოყალიბებული კონკრეტული კანონპროექტის სახით. აქ უკვე იძულებაა, რომ კონკრეტული რაღაც შემოგთავაზონ. მანამდე, მზად ვართ პოზიციების შეჯერებისთვის. დისკუსიისთვის ჩვენი მხრიდან არის აბსოლუტური ღიაობა და მზაობა" - თქვა კობახიძემ.
თუმცა, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ "კანონის გასაპატიოსნებლად" თამაშში შესვლას არ აპირებს.
"გინდათ, რამე შეცვალოთ ამ კანონში? თქვენი ნება არის - ან გაიწვიეთ, ან დააბრუნეთ მეორე მოსმენაზე და მოუსმინეთ პარლამენტში ოპოზიციას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, რაღაც შენიშვნებს და ცვლილებებს შემოგთავაზებთ, ან კიდევ უფრო მარტივი, ძალიან მარტივი, თქვენ თვითონ ძალაში ამ კანონის ამოქმედების ვადა გადაიტანეთ და გადაიტანეთ, გთავაზობთ, 1-ელი ნოემბრისთვის, არჩევნების მერე ბინც მოვა ხელისუფლებაში, ის გადაწყვეტს, ეს კანონი რუსული არის, ეს კანონი არის რაღაცა სხვა კანონების გადამღერება თუ რაც არის და რას მოერგება.
ჩემი იმედი, ყოველ შემთხვევაში, ნუ გექნებათ იმაში, რომ მე შევალ ამ თამაშში, რომ გავაპატიოსნოთ ეს რაღაცა კანონი. არა, არის რუსული, დარჩება რუსული და, სამწუხაროდ, თქვენც ამ კანონთან ერთად" - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.





