რუსული კანონი

NGO-ები: რუსული კანონის წესებით არ ვიცხოვრებთ, გავასაჩივრებთ საკონსტიტუციო სასამართლოში

არასათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადების თანახმად, ისინი რუსულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. განცხადება ბრიფინგზე საია-ს თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ წაიკითხა.

"ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ.

ჩვენ ვაცხადებთ, რომ რუსული კანონის წესებით არ ვიცხოვრებთ და გამოვიყენებთ ყველა შიდა და საერთაშორისო მექანიზმს მისი მოქმედების შესაფერხებლად კანონის უპირობო გაუქმებამდე. ამისათვის ვამზადებთ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენად და უახლოეს პერიოდში მივმართავთ მას.

საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია იმოქმედოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით და შეაჩეროს კანონის შესაბამისი მუხლების მოქმედება. თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს არ მივიჩნევთ ბრძოლის ერთადერთ გზად.

ჩვენი სამართლებრივი ბრძოლა სხვა მიმართულებითაც გაგრძელდება, იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ იმოქმედებს დროულად და კონსტიტუციურ ჩარჩოებში, ჩვენ გამოვიყენებთ ალტერნატიული სამართლებრივი დავის გზას.

პარალელურად, ვემზადებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის წარსადგენად, რომელსაც მივმართავთ შესაბამის დროს". - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.

რუსული რეჟიმის მიერ რუსული კანონის საბოლოოდ მიღების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა გავრცელეს ერთობლივი განცხადება და რუსული კანონის წინააღმდეგ დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს.

28 მაისს რუსულმა რეჟიმმა რუსული კანონი საბოლოოდ მიიღო. კენჭისყრაზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ, ივანიშვილის 84-მა დეპუტატმა კანონის საბოლოო მიღებას დაუჭირა მხარი.​​​​​​

კომენტარები