რუსული კანონი

კანონის გამო ონში უფასო სტომატოლოგიური კლინიკის პროექტზე ვეღარ ვიმუშავებთ - Fair Trees Fund

არასამთავრობო ორგანიზაცია ფეა თრიიზ ფონდი 29 მაისს გაკეთებული განცხადების მიხედვით, იძულებული გახდა ონის მუნიციპალიტეტის მერიასთან ონში ბავშვთა უფასო სტომატოლოგიური კლინიკის გახსნის საკითხზე  2023 წელს დაწყებული თანამშრომლობა შეეწყვიტა. Facebook-გვერდზე გამოქვეყნებული პოსტიდან ირკვევა, რომ პროექტის შეჩერების მიზეზი რუსული კანონია, რაც ორგანიზაციის განცხადებით "უკვე უარყოფითად აისახა ფონდის საქმიანობაზე". 

"პროექტის გატანის მიზეზი არის საქართველოს მთავრობის მიერ ახლად მიღებული კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". აღნიშნული კანონი სერიოზულ გამოწვევას უქმნის ჩვენს ორგანიზაციას, რადგან გვავალდებულებს, დავრეგისტრირდეთ როგორც უცხოური ინტერესების მატარებელი. ჩვენი ორგანიზაცია, დაარსების დღიდან, ახორციელებს სოციალურ და საგანმანათლებლო პროექტებს, რომლებიც მიმართულია რაჭის მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებისკენ. შესაბამისად, ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ჩვენი ორგანიზაცია უნდა იყოს უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში." - აღნიშნულია ონის მერთან, სერგო ხიდაშელთან ფონდის მიერ გაგზავნილ წერილში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, მათ აღარ შეუძლიათ ახალ სოციალურ პროექტებში ინვესტირება, "მაშინ როცა მიმდინარე პროექტებიც საფრთხის ქვეშ არის ახლად მიღებული კანონის გამო". წერილიდან ასევე ირკვევა, რომ ფონდს მრავალჯერ ჰქონდა მცდელობა, შეხვედროდა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მაჟორიტარ დეპუტატს, გოჩა ენუქიძეს - კანონის უარყოფითი გავლენის განსახილველად, თუმცა ყოველი ცდა უშედეგოდ დასრულდა. 

"ძალიან ვწუხვართ, რომ რაჭაში მცხოვრები ბავშვები პირველ რიგში დაზარალდნენ ამ კანონის გამო, დიდი მწუხარებით გვიწევს ამ ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ არსებული სამართლებრივი და მოსალოდნელი ფინანსური შეზღუდვების პირობებში, ჩვენთვის შეუძლებელია პროექტის გაგრძელება.

მადლობას გიხდით აქამდე პროექტის მხარდაჭერისთვის და ვიმედოვნებთ, რომ კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ გადახედილი და გაუქმებული იქნება ახლო მომავალში." - წერია განცხადებაში. 

28 მაისს რუსულმა რეჟიმმა რუსული კანონი საბოლოოდ მიიღო. კენჭისყრაზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ, ივანიშვილის 84-მა დეპუტატმა კანონის საბოლოო მიღებას დაუჭირა მხარი. 

კომენტარები