ლარის კურსი

სებ-მა ლარის გასამყარებლად ბაზარზე $60 მლნ გაიტანა, გაიყიდა 48 700 000 დოლარი

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 60 მლნ. აშშ დოლარი გაიტანა. აუქციონზე გაიყიდა 48 700 000 აშშ დოლარი. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7829 ლარი შეადგინა. რუსული კანონის მიღების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა უკვე რეზერვებიდან 108 700 000 აშშ დოლარი გაყიდა.

რუსული კანონის მიღების და კომიტეტის მხრიდან პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის ფონზე ლარი გაუფასურებას განაგრძობს. 27 მაისს ეროვნული ვალუტა დოლართან 4.34 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 5.18 თეთრით. ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.768 ლარია, ერთი ევროსი - 3.0058 ლარი. 28 მაისის ოფიციალური ვაჭრობის შედეგები 17:00 საათზე გამოქვეყნდება.

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.85 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.11 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.81 ლარია, ევროსი - 3.06 ლარი.

აღსანიშნავია, რომ იურიდიული კომიტეტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის დღეს ლარი ქართულ ბაზარზე არსებულ ყველა ვალუტასთან გაუფასურდა - გაცვლითი კურსი ყოველდღიურად 43 ვალუტასთან მიმართებით ქვეყნდება.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი დოლარი 16 მაისსაც გაყიდა. სებ-ი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება "ბოლო დღეებში სავალუტო ბაზარზე განვითარებულ აჟიოტაჟურ პროცესებთან დაკავშირებით" მიიღეს. ამასთან, ეროვნული ბანკი ირწმუნება, რომ "რყევები" მოკლევადიანია და საქართველოს საფინანსო სისტემა "ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მყარია".

რუსული კანონის მიღების შემდეგ ლარი მკვეთრად გაუფასურდა - დოლართან 8 თეთრით, ხოლო ევროსთან - 12 თეთრით.

პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა პრეზიდენტის ვეტო 27 მაისს დაძლია. საკითხის განხილვა პლენარულ სხდომაზე დღეს, 28 მაისს მიმდინარეობს.

კომენტარები