რუსული კანონი

ლარი ქართულ ბაზარზე არსებულ ყველა, 43-ვე ვალუტასთან გაუფასურდა

რუსული კანონის მიღების ფონზე ლარი მკვეთრად გაუფასურდა. 15 მაისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7323 ლარია, ერთი ევროსი - 2.9577 ლარი.

გაცილებით მაღალია უცხოური ვალუტის ღირებულება კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში. კერძოდ, TBC ბანკში 1 დოლარი 2.91 ლარი ღირს, ხოლო საქართველოს ბანკში კი 2.90 ლარი. რაც შეეხება ევროს, TBC ბანკში მისი ფასი 3.17 ლარია, საქართველოს ბანკში კი - 3.16 ლარი.

სავალუტო ჯიხურებში დოლარის ფასი 2.86-2.88 ლარია, ევროსი - 3.11-3.13 ლარი.

აღსანიშნავია, რომ 15 მაისის ვაჭრობის შედეგად ლარი ქართულ ბაზარზე არსებულ ყველა ვალუტასთან გაუფასურდა - ლარის გაცვლითი კურსი ყოველდღიურად 43 ვალუტასთან მიმართებით ქვეყნდება.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარი გაუფასურდა აშშ დოლართან, ევროსთან, რუსულ რუბლთან, სომხურ დრამთან, თურქულ ლირასთან, აზერბაიჯანულ მანათთან, უკრაინულ გრივნასთან, ავსტრალიურ დოლართან, ბრაზილიურ რიალთან, ჩეხურ კრონასთან, ისლანდიურ კრონთან, ნორვეგიულ კრონთან, ახალზელანდიურ დოლართან, პოლონურ ზლოტთან, შვედურ კრონთან, არაბულ დირჰამთან, ბულგარულ ლევთან, ბელარუსულ რუბლთან, კანადურ დოლართან, შვეიცარიულ ფრანკთან, ჩინურ იუანთან, დანიურ კრონთან, ეგვიპტურ გირვანქასთან, ბრიტანულ ფუნტთან, ჰონგკონგურ დოლართან, ისრაელის შეკელთან, უნგრულ ფორინტთან, ინდურ რუპიასთან, ირანულ რიალთან, იაპონურ იენთან, ყირგიზულ სომთან, სამხრეთ კორეულ ვონთან, ქუვეითურ დინართან, ყაზახურ ტენგესთან, მოლდოვურ ლეისთან,კატარულ რიალთან, რუმინულ ლეისთან, სერბიულ დინართან, სინგაპურულ დოლართან, ტაჯიკურ სომონთან, თურქმენულ მანათთან, უზბეკურ სუმთან და სამხრეთაფრიკულ რანდთან.

გარდა ამისა, დღეს, 15 მაისს, დილიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე TBC Bank Group-ისა და Bank of Georgia Group-ის აქციების ფასები მკვეთრად ეცემა.

ამ დროის მონაცემებით, 20:00 საათისთვის, TBC Bank Group-ის აქციების ფასი 14.24%-ით, Bank of Georgia Group-ის აქციების ფასი კი 13.03%-ითაა შემცირებული. დღის განმავლობაში ვარდნა კიდევ უფრო მაღალი იყო.

კომენტარები