რუსული კანონი

საქართველოს საფინანსო სისტემა ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მყარია - ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, "სავალუტო ბაზარზე დაფიქსირებული რყევები მოკლევადიანია". სებ-ის განცხადებით, "სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი დოლარის ინტერვენცია განახორციელეს". ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ ბაზრისთვის ლიკვიდობის მიწოდების გადაწყვეტილება "ბოლო დღეებში სავალუტო ბაზარზე განვითარებულ აჟიოტაჟურ პროცესებთან დაკავშირებით" მიიღეს.

"ამას თან ახლდა ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციები. შედეგად, ვალუტაზე ჭარბი მოთხოვნა დაფიქსირდა, რამაც ლარის გაცვლით კურსზე დამატებითი წნეხი შექმნა.

ამასთან განვმარტავთ, რომ სავალუტო ბაზარზე დაფიქსირებული რყევები არ არის გამოწვეული ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორებით და შესაბამისად არის მოკლევადიანი. ჯანსაღია მაკროეკონომიკური პარამეტრები-საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა, სტაბილურია საგარეო შემოდინებები, ისტორიულ მინიმუმზეა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ბოლო სამი წლის განმავლობაში ფიქსირდება მაღალი ეკონომიკურ ზრდა, ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბალია, ფისკალური ბალანსი და სახელმწიფო ვალიც მდგრად დონეზეა შენარჩუნებული. 

ფინანსური სისტემის გამართულად და ეფექტურად ფუნქციონირებისთვის კომერციულ ბანკებს გააჩნიათ ჯანსაღი მომგებიანობა და აქტივების მაღალი ხარისხი, კაპიტალის და ლიკვიდობის სოლიდური ბუფერები, რათა შეუფერხებლად მოემსახურონ კლიენტებს და დააკრედიტონ ეკონომიკა. ლიკვიდური აქტივების ჯამური მოცულობა დღეს საბანკო სისტემაში 16.7 მლრდ ლარის ექვივალენტს აჭარბებს, რაც პოტენციური შოკების მიმართ უპრეცედენტო გამძლეობაზე მეტყველებს. დღესდღეობით  საქართველოს საფინანსო სისტემა ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მყარია.

ეროვნული ბანკი განაგრძობს ბაზარზე დაკვირვებას და ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს გამოიყენებს ფინანსური ბაზრის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად" - აცხადებს ეროვნული ბანკი.

რუსული კანონის მიღების ფონზე ლარი გაუფასურდა. 15 მაისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7323 ლარია, ერთი ევროსი - 2.9577 ლარი. გაცილებით მაღალია უცხოური ვალუტის ღირებულება კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში.

აღსანიშნავია, რომ 15 მაისის ვაჭრობის შედეგად ლარი ქართულ ბაზარზე არსებულ ყველა ვალუტასთან გაუფასურდა - ლარის გაცვლითი კურსი ყოველდღიურად 43 ვალუტასთან მიმართებით ქვეყნდება.

გარდა ამისა, 15 მაისის დილიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე TBC Bank Group-ისა და Bank of Georgia Group-ის აქციების ფასები მკვეთრად დაეცა.

კომენტარები