რუსული კანონი

ლარი ქართულ ბაზარზე არსებულ ყველა, 43-ვე ვალუტასთან გაუფასურდა

რუსული კანონის მიღების და კომიტეტის მხრიდან პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის ფონზე ლარი გაუფასურებას განაგრძობს. 27 მაისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა დოლართან 4.34 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 5.18 თეთრით. ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.768 ლარია, ერთი ევროსი - 3.0058 ლარი. 

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.84 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.09 თეთრი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.80 ლარია, ევროსი - 3.05 ლარი.

აღსანიშნავია, რომ იურიდიული კომიტეტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის დღეს ლარი ქართულ ბაზარზე არსებულ ყველა ვალუტასთან გაუფასურდა - გაცვლითი კურსი ყოველდღიურად 43 ვალუტასთან მიმართებით ქვეყნდება.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარი გაუფასურდა აშშ დოლართან, ევროსთან, რუსულ რუბლთან, სომხურ დრამთან, თურქულ ლირასთან, აზერბაიჯანულ მანათთან, უკრაინულ გრივნასთან, ავსტრალიურ დოლართან, ბრაზილიურ რიალთან, ჩეხურ კრონასთან, ისლანდიურ კრონთან, ნორვეგიულ კრონთან, ახალზელანდიურ დოლართან, პოლონურ ზლოტთან, შვედურ კრონთან, არაბულ დირჰამთან, ბულგარულ ლევთან, ბელარუსულ რუბლთან, კანადურ დოლართან, შვეიცარიულ ფრანკთან, ჩინურ იუანთან, დანიურ კრონთან, ეგვიპტურ გირვანქასთან, ბრიტანულ ფუნტთან, ჰონგკონგურ დოლართან, ისრაელის შეკელთან, უნგრულ ფორინტთან, ინდურ რუპიასთან, ირანულ რიალთან, იაპონურ იენთან, ყირგიზულ სომთან, სამხრეთ კორეულ ვონთან, ქუვეითურ დინართან, ყაზახურ ტენგესთან, მოლდოვურ ლეისთან,კატარულ რიალთან, რუმინულ ლეისთან, სერბიულ დინართან, სინგაპურულ დოლართან, ტაჯიკურ სომონთან, თურქმენულ მანათთან, უზბეკურ სუმთან და სამხრეთაფრიკულ რანდთან.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი დოლარი 16 მაისს გაყიდა. სებ-ი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება "ბოლო დღეებში სავალუტო ბაზარზე განვითარებულ აჟიოტაჟურ პროცესებთან დაკავშირებით" მიიღეს. სავალუტო აუქციონზე საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსი 2.7580 იყო.

ამასთან, ეროვნული ბანკი ირწმუნება, რომ "რყევები" მოკლევადიანია და საქართველოს საფინანსო სისტემა "ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მყარია".

რუსული კანონის მიღების შემდეგ ლარი მკვეთრად გაუფასურდა - დოლართან 8 თეთრით, ხოლო ევროსთან - 12 თეთრით.

პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა პრეზიდენტის ვეტო დღეს, 27 მაისს დაძლია. საკითხის განხილვა პლენარულ სხდომაზე 28 მაისს შედგება. 

კომენტარები