საქართველო-რუსეთი

ვოლოდინის მტკიცებით, ვაშინგტონი და ბრიუსელი კობახიძეს ავიწროებს

ვიაჩესლავ ვოლოდინი

რუსეთის დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი ირწმუნება, რომ დასავლეთში პოლიტიკა "სიძულვილით მოიწამლა" და ის ავიწროებს მათ, ვინც მათ არ ემორჩილება. მაგალითად მან მოიყვანა საქართველოს პრემიერის, ირაკლი კობახიძის სიტყვები, თითქოს ევროკომისარი მას დასავლეთის მხრიდან სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

"ევროპული პოლიტიკა მოწამლულია სიძულვილის ატმოსფეროთი, რომელიც გამსჭვალულია ძალადობის კულტით მათ მიმართ, ვინც ინარჩუნებს დამოუკიდებელ თვალსაზრისს, რომელიც არ ემთხვევა აშშ-ს გაძღოლილი დასავლური ელიტების ნეოკოლონიურ ინტერესებს. ევროპაში ჩვეულებრივი გახდა ვაშინგტონისა და ბრიუსელის მხრიდან მათი შევიწროება, ვინც არაა მზად მათ ბრმად დაემორჩილოს. მაგალითები საკმარისია: უნგრეთი, სლოვაკეთი, საქართველო, სერბეთი, სერბთა რესპუბლიკა ბოსნია-ჰერცეგოვინის შემადგენლობაში. პირდაპირ ძალადობამდე მიდის საქმე." – წერს ვოლოდინი საკუთარ ტელეგრამ-არხზე.

ვოლოდინმა მაგალითად მოიყვანა კობახიძის სიტყვები, თითქოს მას ევროკომისარი სიცოცხლის მოსპობით აშინებდა.

"როგორც საქართველოს პრემიერმა თქვა, ერთ-ერთმა ევროკომისარმა საუბრის დროს დააშინა რიგი ზომებით, რომელთა მიღებაც დასავლელ პოლიტიკოსებს შეუძლიათ, თუ უცხოელ აგენტებზე ვეტოს დაძლევენ და მაგალითად მოიყვანა სლოვაკეთის პრემიერზე მცირე ხნის წინ მომხდარი მკვლელობის მცდელობა." – წერს ვოლოდინი.

ვოლოდინი ამბობს, რომ უნდა დაიწყოს მსგავსი შემთხვევების გამოძიება და ყოველი მათგანის უკან მდგომმა პასუხი უნდა აგოს.

"მუქარა, შანტაჟი და ძალადობა ვაშინგტონისა და ბრიუსელის პოლიტიკის საფუძველი გახდა. ეს მსუბუქად არ უნდა მივიღოთ და არ უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ განცხადებებით. ყოველი ფაქტი უნდა იყოს გამოძიებული, დამნაშავეებმა კი პასუხი უნდა აგონ." – წერს ვოლოდინი.

23 მაისს ირაკლი კობახიძემ თქვა: "თუმცა, ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა. კერძოდ, ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა - ხომ ნახეთ ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო".

როგორც შემდეგში გაირკვა, კობახიძეს ესაუბრებოდა უნგრელი ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეი. ვარჰეიმ გამოაქვეყნა საპასუხო განცხადება და თქვა, რომ პრემიერმა სატელეფონო საუბარი სრულიად ამოიღო კონტექსტიდან.

 

კომენტარები