აქონდროპლაზია

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვები 3 თვეში 1-დან 3 სმ-მდე გაიზარდნენ – იაშვილის კლინიკა

თამთა ჯანაძე

იაშვილის კლინიკის ინფორმაციით, აქონდროპლაზიის მქონე ბავშვები მკურნალობის დაწყების შემდეგ, 3 თვეში, სიმაღლეში 1-დან 3 სანტიმეტრამდე გაიზარდნენ. 

ბავშვები მედიკამენტ „ვოსორიდიტით“ 15 ნოემბრიდან მკურნალობენ, ტაბულას იაშვილის კლინიკაში უთხრეს, რომ მკურნალობა წარმატებით მიმდინარეობს.

"მკურნალობის კურსი 1 წლიანია და ყველა ბავშვი მას ბოლომდე მიიყვანს".- გვითხრა საავადმყოფოს დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ. 


ივლისში იშვიათი დაავადებების საკითხზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭომ აქონდროპლაზიის ეროვნული პროტოკოლი დაამტკიცა. საბჭოს წევრმა, ივანე ჩხაიძემ მაშინ თქვა, რომ 2023 წლის სექტემბერში პრეპარატი Vosoritide საქართველოში აუცილებლად შემოვიდოდა და ბავშვების მკურნალობა დაიწყებოდა.

2023 წლის აპრილ-მაისში აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან 19 დღის განმავლობაში აქციებს მართავდნენ და ღამეებს ათენებდნენ. ისინი პრეპარატის Vosoritide-ს (რომელიც იყიდება ბრენდის სახელით Voxzogo) საქართველოში შემოტანასა და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებას ითხოვდნენ. 

5 მაისს აქციები შეწყდა და მშობლებსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის მოლაპარაკებები დაიწყო.

13 ნოებერს იაშვილის კლინიკაში მედიკამენტი მიიტანეს, ორი დღის შემდეგ, 15 ნოემბერს კი ბავშვებმა პირველი დოზა გაიკეთეს. 

კომენტარები