აშშ

მარჯორი გრინმა აშშ-ს ქვედა პალატის რესპუბლიკელი სპიკერის გადაყენების პროცესი დაიწყო

რესპუბლიკელი კონგრესმენი მარჯორი ტეილორ გრინი (მარცხნივ) და აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერი მაიკ ჯონსონი
ERIN SCOTT/POOL/AFP via Getty Images & Valerie Plesch/Bloomberg

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მარჯორი ტეილორ გრინმა პალატის სპიკერისა და თანაპარტიელის, მაიკ ჯონსონის თანამდებობიდან გადაყენების წინადადება წამოაყენა.

სპიკერ ჯონსონთან რესპუბლიკელი კონგრესმენის დაპირისპირება წარმომადგენელთა პალატაში $1.2-ტრილიონიანი საბიუჯეტო დაფინანსების კანონპროექტის მიღებას მოჰყვა, რასაც მარჯორი ტეილორ გრინი ეწინააღმდეგებოდა. ხმის მიცემის შემდეგ გრინმა განაცხადა, რომ მაიკ ჯონსონმა რესპუბლიკელებს "უღალატა".

შედეგად, მან სპიკერის თანამდებობიდან გადაყენების პროცესი დაიწყო, რაც, მისი თქმით, "უფრო მეტად გამაფრთხილებელი" გზავნილია. თუკი მომდევნო დღეებში მარჯორი ტეილორ გრინი ამ პროცესს წარმომადგენელთა პალატაში ფორმალურად წარადგენს, მაიკ ჯონსონის სპიკერობის საკითხს კონგრესმენები რამდენიმე დღეში გადაწყვეტენ.

წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი კევინ მაკართი თანაპარტიელებმა 3 ოქტომბერს სწორედ დემოკრატებთან მათთვის მიუღებელი შეთანხმების დადების გამო გადააყენეს.

ამის შემდეგ სპიკერის თანამდებობის დაკავება რამდენიმე რესპუბლიკელმა სცადა, თუმცა, საბოლოოდ, მრავალი მცდელობის შემდეგ, კონგრესმენი მაიკ ჯონსონი  წარმომადგენელთა პალატის რიგით 56-ე სპიკერად აირჩიეს.

22 მარტს კონგრესში წარდგენილ საბიუჯეტო კანონპროექტს 112-მა რესპუბლიკელმა არ დაუჭირა მხარი. შედარებით მტკიცე ხაზის პოლიტიკის გატარების რესპუბლიკელები, მათ შორის ტეილორ გრინი, კანონპროექტში წარდგენილ დაფინანსების რაოდენობას, ასევე აშშ-ს საიმიგრაციო პოლიტიკაში ცვლილებების ნაკლებობასა და ჯანმრთელობის კლინიკებისთვის აბორტის ჩატარების მხარდაჭერასთან დაკავშირებულ ზომებს ეწინააღმდეგებოდნენ.

ჯონსონის გადაყენებასთან დაკავშირებით მარჯორი ტეილორმა განაცხადა, რომ მას წარმომადგენელთა პალატის ქაოსში გახვევა არ სურდა, თუმცა, თუკი რესპუბლიკელები ახალ ლიდერს ვერ იპოვიან, იგი კონგრესში სპიკერის თანამდებობიდან გადაყენების წინადადებას ფორმალურად წარადგენს.

ამ დროისთვის მარჯორი ტეილორ გრინს რესპუბლიკურ პარტიაში ფართო მხარდაჭერა არ აქვს. კონგრესმენი მეტ გეითსის თქმით, გრინის წინადადების სისრულეში მოყვანამ შეიძლება წარმომადგენელთა პალატაში, ცენტრისტი რესპუბლიკელების მხარდაჭერით, დემოკრატი სპიკერის არჩევა გამოიწვიოს. რესპუბლიკელ მეტ გეითს ყოფილი სპიკერის კევინ მაკართის თანამდებობიდან გადაყენებაში მთავარი როლი მიუძღვის.

კიდევ ერთმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მაიკ ლოულერმა მარჯორი ტეილორის მიერ წამოყენებულ წინადადებას "იდიოტური" უწოდა, რაც, მისი თქმით, კონსერვატორების პრიორიტეტებსა და ზოგადად ქვეყანას ავნებს.

თუკი მარჯორი ტეილორ გრინი მაიკ ჯონსონის თანამდებობიდან გადაყენებას ფორმალურად დაიწყებს, მას მხოლოდ ერთი რესპუბლიკელი სენატორის მხარდაჭერა დასჭირდება იმისთვის, რომ სპიკერი თანამდებობას ჩამოაშოროს. თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა კონგრესმენი დამსწრე იქნება და დემოკრატები ჯონსონის თანამდებობიდან გადაყენების საკითხში მარჯორი გრინის მხარეს დადგებიან.

კომენტარები