აშშ

აშშ-ს კონგრესმა $1.2 ტრილიონის ბიუჯეტის კანონი მიიღო და მთავრობის მუშაობის შეწყვეტა აირიდა

კაპიტოლიუმის შენობა ვაშინგტონში
Getty Images

აშშ-ს სენატმა შაბათს $1.2-ტრილიონიანი საბიუჯეტო დაფინანსების კანონპროექტი მიიღო, რითაც ქვეყნის მთავრობა სექტემბრამდე დაფინანსდება. ამით კონგრესში საბიუჯეტო ხარჯებთან დაკავშირებით ხანგრძლივი მოლაპარაკებების პროცესი დასრულდა.

სენატში კანონპროექტს მხარი 74-მა კონგრესმენმა დაუჭირა, 24 კი მოწინააღმდეგე იყო. მანამდე, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში აღნიშნული კანონპროექტი ორპარტიული მხარდაჭერით მიიღეს, ხმების 286-134-ზე გადანაწილებით. თუმცა, კანონპროექტის მოწინააღმდეგე 23 დემოკრატი და 112 რესპუბლიკელი კონგრესმენი იყო.

კანონპროექტი აშშ-ს თავდაცვის, ეროვნული უსაფრთხოების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებას მოიცავს. ამას გარდა, ასევე გათვალისწინებულია ზოგადად მთავრობის, ფინანსური მომსახურებისა და საგარეო ოპერაციების ბიუჯეტი. იგი ხელმოსაწერად აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უკვე გადაუგზავნეს.

კანონპროექტთან დაკავშირებით სენატის უმრავლესობის ლიდერმა, დემოკრატმა ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ პროცესი მარტივი არ იყო, თუმცა, "სიჯიუტე ამად ღირდა".

ძირითადი მიზეზები, რის გამოც რესპუბლიკელთა უმრავლესობამ საბიუჯეტო დაფინანსების კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა, სამთავრობო ხარჯის ზრდის საწინააღმდეგო პოზიცია იყო. ამასთანავე, წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელები ითხოვდნენ, რომ კანონპროექტში აშშ-ს საიმიგრაციო კანონების ყოფილიყო, რისი საფუძველიც აშშ-მექსიკის საზღვარზე მიმდინარე არალეგალი მიგრანტების კრიზისი იყო.

კომენტარები