რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბელგოროდი კვლავ დაიბომბა, ცნობების მიხედვით, დაშავდა ხუთი ადამიანი

ბელგოროდის დაბომბვის შედეგი, 21 მარტი
BAZA

ქალაქი ბელგოროდი კიდევ ერთხელ დაიბომბა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ იერიშები Vampire-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის რაკეტებით მიიტანეს. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და დაშავდა ხუთი ადამიანი.

21 მარტის დილით, მოსკოვის დროით 8:00-ზე ბელგოროდსა და ამ რეგიონში საჰაერო განგაში ჩაირთო. მცირე ხნის შემდეგ BAZA-მ გაავრცელა ცნობა, რომ დაზიანდა ორი მრავალსართულიანი სახლი და "ბელგოროდ არენას" ფასადი. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ბელგოროდის ოლქში ჩამოაგდეს უკრაინელების მიერ გაშვებული Vampire-ის 10 რაკეტა. 

BAZA-ს ცნობით, დაშავდა 5 ადამიანი, ხოლო SHOT-ის ინფორმაციით - 7, რომელთაგან ერთ-ერთი მძიმე მდგომარეობაშია. შემდეგში ბელგოროდის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა თქვა, რომ დაშავებულია 5 ადამიანი, აქედან 2 ქალი და 3 კაცი.

უკვე რამდენიმე დღეა, რაც ბელგოროდის ოლქის დაბომბვა გრძელდება.


12 მარტის გამთენიისას უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსულმა მოხალისეობრივმა დანაყოფებმა: ლეგიონმა რუსეთის თავისუფლებამრუსულმა მოხალისეთა კორპუსმა და ციმბირის ბატალიონმა გაავრცელეს ცნობები, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შევიდნენ. ეს ინფორმაცია გავრცელებული იყო ტელეგრამ-არხებზეც. პროუკრაინულმა ჯგუფებმა შეტაკებებისთვის ჯავშანტექნიკაც გამოიყენეს. გავრცელდა კადრები, სადაც, სავარაუდოდ, მათი ტანკების რუსეთის ტერიტორიაზე გადაადგილებაც ჩანდა.

შეტაკებები ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში მოხდა. ლეგიონ რუსეთის თავისუფლებაში ამბობდნენ, რომ მათ კურსკის ოლქში საზღვრის გარღვევაც შეძლეს. ოლქის გუბერნატორის მტკიცებით, იყო შეტაკებები, თუმცა მოწინააღმდეგემ საზღვარი ვერ გაარღვია.

პროუკრაინულმა ჯგუფების რეიდები რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების მსვლელობის დროსაც მიმდინარეობდა. რეიდების დაწყების წინ ჯგუფები მშვიდობიან მოსახლეობას აფრთხილებენ და მათ ევაკუაციისკენ მოუწოდებენ. შეტევების დროს რამდენჯერმე გაჩერდა საარჩევნო უბნების მუშაობა.

მიმდინარე თავდასხმების ფონზე ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ტერიტორიაზე "სანიტარული ზონის" შექმნის შესაძლებლობაზე საუბარი განაახლა.

კომენტარები